თავში

რა ბიზნესინტერესები აქვთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს

რა ბიზნესინტერესები აქვთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს
რა ბიზნესინტერესები აქვთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" დღეს გამოაქვეყნა მორიგი კვლევა მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ. კვლევაში განხილულია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია"-ს წევრების სამეწარმეო საქმიანობა და პოლიტიკური შემოწირულობები. 

შესწავლილია  მაჟორიტარი კანდიდატების და მათი ოჯახის წევრების ბიზნეს საქმიანობა, მათი კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასა და სახელმწიფო შესყიდვებში 2012 წლიდან 2020 წლის 15 სექტემბრამდე, ამ პირების და მათი ბიზნესპარტნიორების პოლიტიკური შემოწირულობები და კანდიდატად წარდგენილი ყოფილი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები.

ძირითადი მიგნებები:

- „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ მიერ წარდგენილი 25 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან 16 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში (13 – თავად, ხოლო 3-ის მხოლოდ ოჯახის წევრი). ეს 16 კანდიდატი, მთლიანობაში, სხვადასხვა ფორმით, დაკავშირებულია 113 კომპანიასთან. თუმცა, ამ კომპანიების ნახევარი (56) დაკავშირებულია მხოლოდ 2 მაჟორიტარ კანდიდატთან: კახაბერ ოქრიაშვილთან და ცეზარ ჩოჩელთან

- 17 კანდიდატს, მათ ოჯახის წევრებს და ბიზნეს პარტნიორებს 2012-2020 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ 621,987 ლარი აქვთ შეწირული, საიდანაც 285,302 ლარი 12 კანდიდატის პირადი შემოწირულობაა. პარტიის 5 ყველაზე მსხვილი შემომწირველია (ოჯახისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით): ცეზარ ჩოჩელი – 134,000 ₾, კახაბერ ოქრიაშვილი – 90,000 ₾, დავით კირკიტაძე – 77,000 ₾, ნანუკა ჟორჟოლიანი – 62,500 ₾ და ხატია დეკანოიძე - 52,000 

- 8 კანდიდატი (პირადად ან მათი გარემოცვა) სხვა პარტიის შემომწირველიცაა: „ქართული ოცნება“ – 757 780 ₾ (კახაბერ ოქრიაშვილი - 388,000 ₾, როლანდ ფიფია - 175,000 ₾, ცეზარ ჩოჩელი - 69,780 ₾, დილარ ხაბულიანი - 65,000 ₾, მანუჩარ კვირკველია - 60,000 ₾); ცეზარ ჩოჩელი (დამოუკიდებელი კანდიდატი)– 145,000 ₾ (კახაბერ ოქრიაშვილი - 85,000 ₾, ცეზარ ჩოჩელი - 60,000 ₾); „პატრიოტთა ალიანსი“ – 113,500 ₾ (ნატო ჩხეიძე); „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 2,398 ₾ (ლევან ხაბეიშვილი - 1,898 ₾, ნატო ჩხეიძე - 500 ₾); „ევროპული საქართველო“ – 2,000 ₾ (ვაჟა ჩიტაშვილი)

- მაჟორიტარობის 7 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ისტორია აქვთ. აქედან 2 კანდიდატთან (კახაბერ ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი) დაკავშირებულმა კომპანიებმა 2011-2020 წლებში ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვების გზით 95.5 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. დანარჩენ 5 კანდიდატთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი – 186,711 ₾. ეს კანდიდატები არიან: გრიგოლ ვაშაძე, კახა გეწაძე, გიორგი კაპანაძე, ნატო ჩხეიძე და დილარ ხაბულიანი

- კახაბერ ოქრიაშვილსა და ცეზარ ჩოჩელთან დაკავშირებული კომპანიები ასევე არიან სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები. კანდიდატებთან დაკავშირებულ 3 კომპანიას სახელმწიფო პროგრამიდან გარკვეული თანადაფინანსება აქვს მიღებული 30,306,480 ლარის ღირებულების საერთო ინვესტიციაზე

მხოლოდ 1 კანდიდატი, ბონდო თევდორაძე არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულობა.

გასათვალისწინებელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას.

მსგავსი ტიპის კვლევა "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანიდიდატებზეც ჩატარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system