თავში

რა საკითხები განიხილა ზალკალიანმა ლიეტუველ კოლეგასთან

რა საკითხები განიხილა ზალკალიანმა ლიეტუველ კოლეგასთან
რა საკითხები განიხილა ზალკალიანმა ლიეტუველ კოლეგასთან

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ლიეტუველ კოლეგასთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, საუბრისას მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და ლიეტუვაში კოვიდ პანდემიის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. მხარეებმა ხაზი გაუსევს პანდემიასთან ბრძოლის გზაზე სახელმწიფოებს შორის კოორდინაციის და ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას.

,,დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ლიეტუველ კოლეგას ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილის ინიცირებისთვის, რომელიც ევროკავშირს მოუწოდებს შეიმუშაოს გამარტივებული მექანიზმი, რათა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრმა სახელმწიფოებმა, მათ შორის საქართველომ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება გაზაფხულზე შეძლოს.

სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ასევე ხაზი გაუსევს საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ განსაკუთრებულ, მეგობრულ ურთიერთობებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ლიეტუვის მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე.

ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ აღინიშნა, რომ ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, ლიეტუვურ ენაში „საქართველას“ საქართველოს ერთადერთი ოფიციალური სახელწოდება გახდა. ( * 2018 წლის მაისში ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიამ დაუშვა „საქართველას“, როგორც ქვეყნის მანამდე არსებული ოფიციალური სახელწოდების „გრუზია“-ს ალტერნატივა.* ) აღსანიშნავია, რომ 11 იანვარს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე გაიმართა დავით ზალკალიანის შეხვედრა ლიეტუვის ელჩთან, ანდრიუს კალინდრასთან. 

შეხვედრაზე ლიეტუვის ელჩმა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს ევროკავშირის 13 ქვეყნის პირველი დიპლომატების მიერ ხელმოწერილი წერილი ოფიციალურად გადასცა. სამინისტროში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა Covid-19-ის პანდემიის დაძლევის გზაზე გაერთიანებული ძალისხმევის მნიშვნელობაზე. 

შეხვედრაზე ლიეტუვის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ლიეტუვასთან, როგორც საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორთან თანამშრომლობის შესახებ ჩანაწერი, რაც მხარეების შეფასებით კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system