თავში

რა საკითხებზე ისაუბრა ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან

რა საკითხებზე ისაუბრა ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან
რა საკითხებზე ისაუბრა ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვენდი შერმანს ტელეფონით ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეუ უწყების ცნობით, საუბრისას მხარეებმა განიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, უკრაინის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და რუსეთის ფედერაციის მცდელობები საქართველოსა და უკრაინის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხების მიზნით. 

"დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ვენდი შერმანს კოორდინაციისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის მომავალ კვირას აშშ-რუსეთის ორმხრივი დიალოგის, ასევე, NATO-რუსეთის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების წინ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან საუბრისას აღინიშნა, რომ რუსეთის მცდელობები შეაფერხოს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში ინტეგრაცია წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებთან და მსგავსი რიტორიკა, რომელიც მიზნად ისახავს სუვერენული სახელმწიფოს უფლების შეზღუდვას აწარმოოს დამოუკიდებელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა სრულიად მიუღებელია. საუბრისას, ასევე, აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაცია და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა თანამედროვე ევროპული უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის მხარის მიმართ მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის. საუბრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე და შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც განაგრძობენ კონსულტაციებს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system