თავში

რა წერია დენიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში

რა წერია დენიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში
რა წერია დენიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დენიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში არსებული პუნქტების შესახებ ინფორმაციას ,,პუბლიკა" ავრცელებს.

,,ევროკავშირი მზადაა, ერთ-ერთი ფონდის გავლით გადაიხადოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაო.

გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს ე.წ. „უდოს“ მექანიზმით, ელექტრონული სამაჯურით, ნოემბერში.

გამოიცეს ამნისტია, რომელიც შეეხება ოცი ივნისის საქმის მონაწილეებს – როგორც აქტივისტებს, ისე სამართალდამცავებს.

ოპოზიციამ უხელმძღვანელოს 5 კომიტეტს პარლამენტში, მათ შორის, საბიუჯეტოს, ადამიანის უფლებების, საპროცედუროს, საგარეოს…

შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი.

პარტიების დაფინანსების საკითხზე მოხდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება.

გენერალური პროკურორი დაინიშნოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერით.

ცესკოს თავმჯდომარე და შემადგენლობა დაინიშნოს ასევე ორი მესამედის მხარდაჭერით და მისი მოადგილე იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი.

„პუბლიკის“ წყაროს ცნობით, არჩევნების თაობაზე დოკუმენტში არაფერი წერია, რამაც გამოიწვია მედიაციის პროცესის შეფერხება. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დენიელსონი და ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გასულები არიან დოკუმენტის ახალი ფორმულირებისთვის. შეხვედრა გრძელდება.

ეს ინფორმაცია წარმოადგენს პუნქტების შინაარსს და არა მათ ზუსტ ფორმულირებას", - აღნიშნულია ,,პუბლიკის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ერთობლივი შეხვედრა უკვე 5 საათზე მეტია მიმდინარეობს.

მოლაპარაკებების პროცესში, სავარაუდოდ, დღევანდელი დღე გადამწყვეტი იქნება.

დანიელსონმა მხარეებს მის მიერ შემუშავებული დოკუმენტი უნდა წარუდგინოს.

შეგახსენებთ, შვედი დიპლომატი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის მიზნით უკვე მეორედ ჩამოვიდა.

მეორე ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები უკვე გამართა ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

29 მარტს მან შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

დანიელსონის პირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა.

ერთი კვირის განმავლობაში, ევროპელმა დიპლომატმა არაერთი შეხვედრა გამართა, როგორც ოპოზიციის ისე ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

ქვეყნის დატოვებამდე დანიელსონმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის 9-საათიანი შეხვედრა გამართა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

22 მარტს კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება. როგორც შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა: ,,კომპრომისების დროა".

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, დანიელსონი ჩამოდის, რათა დაინახოს, არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ მხარეებს შორის საერთო ნიადაგი მოიძებნოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system