თავში

რუსეთი აგრძელებს ახალი ტიპის ბერლინის კედლების აღმართვას - დავით ზალკალიანი

რუსეთი აგრძელებს ახალი ტიპის ბერლინის
რუსეთი აგრძელებს ახალი ტიპის ბერლინის კედლების აღმართვას - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სტოკჰოლმში ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს რიგით 28-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. მან მადლობა გადახადა ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანას, შვედეთს და სამშვიდობო ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია რუსეთს გაეგზავნოს მკაფიო გზავნილი, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა მიუღებელია.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების არაერთი მოწოდებისა, რუსეთი კვლავ უგულებელყოფს საერთაშორისო ვალდებულებებს და უარს ამბობს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებაზე. მოსკოვი აგრძელებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს და აგრძელებს ახალი ტიპის ბერლინის კედლების აღმართვას, კილომეტრიანი მავთულხლართებითა და ღობეებით საქართველოს გულში. მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის რუსეთის ჰიბრიდული საბრძოლო დღის წესრიგის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი. მინისტრის განმარტებით, ამ ქმედებებით რუსეთი ზიანს აყენებს არა მხოლოდ ცალკეულ სახელმწიფოებს, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის და განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში მინისტრმა აღნიშნა ქართული მხარის შეთავაზება ხელი შეუწყოს დიალოგს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სხვადასხვა ფორმატში. ამასთან, მან ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წელს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გაჟღერებულ სამშვიდობო სამეზობლო ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ხსენებულ სამ ქვეყანას შორის დიალოგის პლატფორმის ხელშეწყობას.

მინისტრმა გამოსვლისას დაგმო რუსეთის მტრული რიტორიკა და უკრაინის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო ქმედებების ინტენსიფიცირება. მან გამოხატა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system