თავში

სააკაშვილი: გადავწყვიტე გამეკეთებინა ის, რაც უნდა გაეკეთებინა ნორმალური ქვეყნის მთავრობას

სააკაშვილი: გადავწყვიტე გამეკეთებინა ის, რაც უნდა გაეკეთებინა
სააკაშვილი: გადავწყვიტე გამეკეთებინა ის, რაც უნდა გაეკეთებინა ნორმალური ქვეყნის მთავრობას

საერთაშორისო სისხლის სამართლის სფეროს უცხოელმა სპეციალისტებმა, ჰააგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი დასკვნა შეიტანეს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ჰააგის სასამართლოსთვის, საერთაშორისო გამოძიებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიეწოდებინა ისეთი ინფორმაცია, რომელიც გაამტყუნებდა არა რუსეთს, არამედ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს.

"მე გადავწყვიტე გამეკეთებინა ის, რაც უნდა გაეკეთებინა ნორმალური ქვეყნის მთავრობას, დახმარებოდა საერთაშორისო საზოგადოებას სიმართლის დადგენაში. ამისათვის, მე ვთხოვე მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებს სისხლის საერთაშორისო სამართალში, ძალიან ცნობილ იურისტებს მთელ მსოფლიოში, რომ შეეფასებინათ 2008 წლის ამბები. დღეს ამ ჯგუფმა შეიტანა სისხლის სამართლის სასამართლოში თავისი მრავალთვიანი გამოკვლევის შედეგად მომზადებული სარჩელი და დამოუკიდებელი დასკვნები.

12 წლის წინ რუსეთის მრავალათასიანი არმია მთელი თავისი შემადგენლობით დაესხა თავს ჩვენს დამოუკიდებელ თავისუფალ ქვეყანას. იმის გამო, რომ საქართველოს მთელმა საზოგადოებამ, ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა გამოიჩინეს გმირული წინააღმდეგობა, ჩვენ მოვახერხეთ საქართველოს თავისუფლების გადარჩენა, ძალიან დიდი ფასის ხარჯზე, მაგრამ საქართველო გადარჩა, საქართველოს დემოკრატია გადარჩა და საქართველოს თავისუფლება გადარჩა. 

2012 წელში, როგორც ამას წინად დუგინმა თქვა, რუსეთმა, არჩევნების დროს სპეცოპერაციის მეშვეობით, იმავე მიზნებს მიაღწია, რასაც ვერ მიაღწია 2008-ში. 2008-ში საქართველო გადარჩა, 2012-ში რუსეთმა განახორციელა თავისი მიზნები და მას შემდეგ დაიწყო მთლიანად ისტორიის გადახედვა. მას შემდეგ რუსეთის ძალისხმევით მოხდა ბევრი ფაქტის დამახინჯება, ძალიან ბევრი დეზინფორმაციის გავრცელება და დღეს ჩვენ ვიმყოფებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ჰააგაში, სადაც მიმდინარეობს ძიება 2008 წლის ომზე. 

მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამ სასამართლოსთვის, საერთაშორისო გამოძიებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიეწოდებინა ისეთი ინფორმაცია, რომელიც გაამტყუნებდა რუსეთს კი არა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანას და საკუთარ თავისუფლებას იცავდნენ. პირადად ივანიშვილის დავალებით, სუს-ის მონაწილეობით, მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა ყველაფერი, რომ რუსეთის გეგმები აღსრულებულიყო და გამტყუნებულიყო, როგორც მინიმუმ, ორივე მხარე. ეს არის დიდი შეთქმულება სიმართლის დამალვის კუთხით",-  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, "მთავარი არხის ეთერში". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system