
ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში წიგნების ფონდი გადარჩა. მისი ინფორმაციით, დაიწვა რამდენიმე კომპიუტერი. ამის შესახებ მან სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
"ბიბლიოთეკა სასწაულად გადარჩა. გადარჩა ძირითადი წიგნების ფონდი. მხოლოდ რამდემე კომპიუტერი განადგურდა და ასევე, არ დაიწვა ძირითადი სამკითხველო დარბაზები. ჯერ ერთი, ეს ბიბლიოთეკა არის არქიტექტურის ნიმუში, დაპროექტებულია ცნობილი გერმანელი არქიტექტორის, იურგენ მაიერის მიერ მაღალი ხარისხის ბეტონის არაალებადი მასალებით და მეორე, მთავარი, ეგრევე გამოიძახეს მეზობლებმა სახანძრო. ივანიშვილს დიდი ხანია თვალში ეჩხირებოდა ეს ბიბლიოთეკა, მაგრამ პირდაპირ ვერ დახურავდა. მოხდა ის, რაც მოუვიდა "კარფურის" კონკურენტ ბაზრობებს" - განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, მოქალაქე ბაჩო ქათამაძემ სოციალურ ქსელ Facebook-ის პირდაპირ ჩართვაში წაუკიდა ცეცხლი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას. ის "ნაციონალურ მოძრაობას" განადგურებით ემუქრებოდა.
პოლიციამ დამნაშავე გუშინვე დააკავა. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.