თავში

სააკაშვილის პოსტზე დანიშვნის გამო საქართველოს ელჩი თბილისში გამოიძახეს

სააკაშვილის პოსტზე დანიშვნის გამო საქართველოს ელჩი თბილისში გამოიძახეს
სააკაშვილის პოსტზე დანიშვნის გამო საქართველოს ელჩი თბილისში გამოიძახეს

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ. განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გააკეთა. მინისტრის თქმით საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას.

„სააკაშვილისთვის თავდაპირველად შეთავაზებული თანამდებობის დონის დაწევა და მისი დაინიშვნა ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ცხადყოფს უკრაინის პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების სკეპტიკურ დამოკიდებულებას მისი პერსონის მიმართ. ამავდროულად, ჩვენი აზრით, გათვალისწინებული იქნა საქართველოს, როგორც უკრაინის სტრატეგიული პარტნიორის პოზიციაც. მიუხედავად ამისა, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს, რის გამოც, მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონი თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებზე გამოძახების თაობაზე. ეს გახლავთ დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯი, რომელიც, ამ შემთხვევაში მიანიშნებს, რომ ურთიერთობებში შეიქმნა გარკვეული პრობლემები და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისათვის საჭიროა ელჩთან კონსულტაციები. მიუხედავად ამ დასანანი გადაწყვეტილებისა, ბუნებრივია, შემდგომ ნაბიჯად ჩვენ, რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთიბის გაწყვეტას ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, რაც არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრულ სულისკვეთებას, ჩვენს საერთო სწრაფვას და მიზნებს. ელჩის მონაწილეობით, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა განისაზღვროს, თუ რა ქმედებებია აუცილებელი, რათა შექმნილმა ვითარებამ ნეგატიურად არ იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე, თანამშრომლობაზე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და რაც მთავარია, ერთობლივ ძალისხმევაზე ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის რეფორმების ნაციონალური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system