თავში

"სააკაშვილს განცალკევებული დერეფანი აქვს, იქ ვერავინ შეაღწევს" - ბექა დავითულიანი

"სააკაშვილს განცალკევებული დერეფანი აქვს, იქ ვერავინ შეაღწევს" - ბექა დავითულიანი
სააკაშვილს განცალკევებული დერეფანი აქვს, იქ ვერავინ შეაღწევს - ბექა დავითულიანი

სააკაშვილს აბსოლუტურად განცალკევებული დერეფანი აქვს, გარედან სრულად დაცულია, ვერავინ იქ ვერ შეაღწევს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ციხის საავადმყოფო იზოლირებულია და ხმა არ შედის.

"აბსოლუტურად განცალკევებული დერეფანი აქვს, გარედან სრულად დაცულია, ვერავინ იქ ვერ შეაღწევს იმიტომ, რომ ციხის შენობაა და დაცულია ბოლომდე. მიხეილ სააკაშვილი რამდენადაც მე ვიცი, საერთოდ სხვა სართულზე იზოლირებულია იმიტომ, რომ სხვა პატიმრების ხმაც კი არ შეუვიდეს არა თუ შეხებაში იყოს სხვასთან.

სამოქალაქო კლინიკაში რომ დაგვეწვინა და მისულიყო ორასკაციანი, მისი გამწარებული ადამიანების ჯგუფი და ეგინებინათ ფანჯრიდან, ესეც ხომ მისი წამება იქნებოდა. ციხის საავადმყოფო დაცულია და იზოლირებულია. შიგნიდანაც კი ისეთი იზოლირებულია, რომ მას ფსიქოლოგიური ტერორის შეგრძნება არ ჰქონდეს", - განაცხადა ბექა დავითულიანმა "პალიტრანიუსის" ეთერში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ომბუდსმენის წარმომადგენელის, მიხეილ ღოღაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება გლდანის ციხეში სასწრაფოს ავტომანქანით მოხდა და ის მანქანიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილმა №18 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ამასთან, პენიტენციურმა სამსახურმა რუსთავის ციხიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გაყვანის კადრები გაასაჯაროვა.

უწყების ცნობით, სააკაშვილს პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია.

გვიან ღამით, სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ექსპრეზიდენტის წერილი გაასაჯაროვა, სადაც სააკაშვილი აცხადებს, რომ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მისი ნების საწინააღმდეგოდ გაურკვეველი ინექციის გაკეთება სცადეს.

სააკაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, გლდანის დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვისთვის სათანადო პირობები არ არსებობს. ბექა ბასილაია ამბობს, რომ არსებობს სააკაშვილზე თავდასხმის საშიშროებაც.

დღეს, 9 ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი 40 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system