თავში

"სააკაშვილმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ციხის თანამშრომლებს" - რატი ბრეგაძე

"სააკაშვილმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ციხის თანამშრომლებს" - რატი ბრეგაძე
სააკაშვილმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ციხის თანამშრომლებს - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა №18 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"როდესაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18 დაწესებულებაში, მან, სამწუხაროდ, მიაყენა როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომლებს. აქვე გეტყვით, რომ ეს არიან ის თანამშრომლები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და თითოეული პატიმრის უფლების დაცვაზე და ჩვენ ვერავის მივცემთ მათი შეურაცხყოფის უფლებას", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს გენერალური ინსპექცია სწავლობს და მას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

"რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერავის, ვინც არ უნდა იყოს ის, ვერც მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენს საამაყო თანამშრომლებს, რომლებიც თვეების განმავლობაში საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი ვერ ნახულობენ, ასე მოექცეს. საზოგადოებისთვის ყველაფერი მალე გახდება ცნობილი. გენერალური ინსპექცია დაიწყებს შესწავლას და ეცნობება საზოგადოებას და ადვოკატებს", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან ვერტმფრენით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავდათ.

გაუარესებული ანალიზების გამო, კონსილიუმმა ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი 39 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system