თავში

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ინფორმაციას ავრცელებს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ინფორმაციას ავრცელებს
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ინფორმაციას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე საქართველოში კორუფციული გარემო საგრძნობლად გაუარესდა, რასაც თან ერთვის ანტიკორუფციული რეფორმების თითქმის სრულად შეჩერება, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, სადაც საქართველოში არსებულ ანტიკორუფციულ გარემოს მიმოიხილავენ.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ აღნიშნავენ კორუფციის კუთხით საქართველოში ამჟამად არსებული ვითარება ხასიათდება, „ ერთი მხრივ, წვრილმანი კორუფციის შთამბეჭდავად დაბალი დონით, თუმცა, ამავე დროს, თითქმის სრული დაუსჯელობით მაღალი დონის კორუფციის მიმართ“.

„ 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდში, საქართველოში მთელი რიგი ფართომასშტაბიანი რეფორმები განხორციელდა, რომლებმაც წარმატებით აღმოფხვრა წვრილმანი კორუფცია მანამდე მასობრივად კორუმპირებულ სახელმწიფო სამსახურში. რეფორმების შედეგად, მთლიანად შეიცვალა საგადასახადო სისტემა და პოლიცია, შემუშავდა სახელმწიფო სერვისების ერთი ფანჯრის პრინციპით მიწოდების მიდგომა და განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვების მთლიანი გაციფრულება და საზოგადოებისთვის გახსნა.

რეფორმების შედეგად პროცესების გაციფრულებამ, ავტომატიზაციამ და ცენტრალიზაციამ მკვეთრად შეამცირა ქრთამის აღების შესაძლებლობები და წვრილმანი კორუფციის მაჩვენებელი მინიმუმამდე დაიყვანა. ეს მიღწევა დღემდე შენარჩუნებულია - ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებულ ყოველწლიურ გამოკითხვებში, იმ რესპონდენტთა რაოდენობას, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ მათ ან მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ქრთამის გადახდა მოსთხოვეს, 1%-სთვის არასოდეს გადაუჭარბებია.

ამ წარმატების მიუხედავად, ბოლო 18 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა იმავე დონის ამბიციური რეფორმები, რომლებიც მაღალი დონის (ე.წ. „ელიტური“) კორუფციის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული. შედეგად, ამ პერიოდში არსებული ორივე მთავრობის მიმართ ისმის ბრალდებები მაღალი დონის კორუფციისათვის დაუსჯელობის გარემოს შექმნის შესახებ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე საქართველოში კორუფციული გარემო საგრძნობლად გაუარესდა, რასაც თან ერთვის ანტიკორუფციული რეფორმების თითქმის სრულად შეჩერება“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, საქართველოში ადგილი აქვს სახელმწიფოს მიტაცებას, რაც დემოკრატიულ კონტექსტში კორუფციის უკიდურეს ფორმას წარმოადგენს.

„ანტიკორუფციული რეფორმების შენელება და მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ნების არარსებობა საქართველოში არსებული პოლიტიკური სისტემით აიხსნება, რომელიც ყველა მთავრობას პოლიტიკური ძალაუფლების მთლიანად საკუთარ ხელში კონცენტრირების საშუალებას აძლევს.

თუმცა, აღნიშნულ ვითარებას ამჟამად კიდევ უფრო საგანგაშოდ აქცევს მოქმედი მმართველი პარტიის დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ ძალაუფლების არაფორმალური სტრუქტურების არსებობა, რომლებიც დემოკრატიული ინსტიტუტების პარალელურად ოპერირებენ. ოფიციალურ სტრუქტურებზე ძალაუფლების ამ არაფორმალური სტრუქტურების გავლენის დამადასტურებელი მტკიცებულებების გაანალიზების შემდეგ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დაასკვნა, რომ საქართველოში ადგილი აქვს სახელმწიფოს მიტაცებას, რაც დემოკრატიულ კონტექსტში კორუფციის უკიდურეს ფორმას წარმოადგენს“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ევროკავშირისთვის რეკომენდაციებს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მიზანშეწონილია, რომ ურთიერთობის გაღრმავების წინაპირობად ევროკავშირმა საქართველოს მხრიდან ანტიკორუფციული რეფორმების გატარება მოითხოვოს.

„ მიზანშეწონილია, რომ ურთიერთობის გაღრმავების წინაპირობად ევროკავშირმა საქართველოს მხრიდან ანტიკორუფციული რეფორმების გატარება მოითხოვოს, როგორებიცაა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს ჩამოყალიბება და ბენეფიციარ მფლობელთა რეესტრის შექმნა. ორივე ამ რეფორმას მაღალი დონის კორუფციასთან და სახელმწიფოს მიტაცებასთან სამომავლო ბრძოლისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. ევროკავშირის ბოლოდროინდელი ძალისხმევა გადამწყვეტი აღმოჩნდა, რაც დაეხმარა საქართველოს გამოსულიყო ექვსთვიანი პოლიტიკური ჩიხიდან. ეს გამოცდილება მიანიშნებს იმაზე, რომ უფრო პირდაპირი ჩართულობა და უფრო მკაცრი მექანიზმების გამოყენება, როგორიცაა წინაპირობების დაწესება, წარმატების მიღწევის კარგ შანსებს იძლევა და, ამავე დროს, თან არ ახლავს მნიშვნელოვანი უარყოფითი რისკები.

წინაპირობების დაწესებასთან ერთად, რის გარეშეც მტკივნეული ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელება ნაკლებად სავარაუდოა, ევროკავშირმა ზოგადად ანტიკორუფციული რეფორმების გაუმჯობესებაში დახმარების გასაწევად უნდა გამოიყენოს თანამშრომლობის ის მოდელი, რომელსაც ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში იყენებდა. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებამ აჩვენა, რომ კონკრეტული სარგებლის მიღების პერსპექტივისა და დეტალური გეგმის არსებობის პირობებში, საქართველოს შეუძლია ევროკავშირის მიერ დაყენებული მოთხოვნების შესრულება. კორუფციასთან ბრძოლის სფეროში მსგავსი მიდგომის გამოყენება, ანუ უფრო კონკრეტული ნიშნულებისა და ვადების დაწესება (მაგალითად OECD-ACN-ის მიერ შემუშავებული ახალი მეთოდოლოგიის გამოყენებით), და, ასევე, მათი შესრულების შემდგომი კონტროლის მექანიზმების შექმნა, გრძელვადიან წარმატებას უზრუნველყოფს“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრული ვერსია იხილეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system