თავში

საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებებს ეხმაურება. 

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით მოპოვებულ მორიგ გამარჯვებას, როდესაც საერთაშორისო სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებებით დაუშვებლად გამოცხადდა საჩივრები საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს განჩინებებში მკაფიოდ არის ასახული, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ იბომბებოდა და საქართველოს ხელისუფლება მოკლებული იყო ცხინვალის რეგიონში ეფექტური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას.
სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებები, რუსეთ-საქართველოს ომის საქმესთან დაკავშირებით იმავე სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებასთან ერთად, კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიციას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

საქართველო განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას მის ხელთ არსებული დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით.

აღნიშნული გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების განუზომელი ძალისხმევის შედეგია, წარმოადგენს მძლავრ საერთაშორისო სამართლებრივ საფუძველს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში", - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ კომენტარში.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე – "ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" და "შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" –განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system