თავში

საქართველო მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს - რა უნდა ვიცოდეთ 2020 წლის არჩევნების შესახებ

საქართველო მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს - რა უნდა ვიცოდეთ 2020 წლის არჩევნების შესახებ
საქართველო მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს - რა უნდა ვიცოდეთ 2020 წლის არჩევნების შესახებ

დღეს, 31 ოქტომბერს საქართველო მრავალპარტიულ პარლამენტს ირჩევს. ახალი კანონმდებლობით, პარლამენტში მოსახვედრად პრატიებმა მხოლოდ ერთპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახონ. 

წელს საპარლამენტო არჩევნები შერეული 120/30-ზე მოდელით ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 150 დეპუტატიდან 120 პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით იქნება არჩეული. 

ახალი საარჩევნო სისტემა ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც გულისხმობს, რომლის მიხედვითაც პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს და მას სხვა პარტიებთან კოალიციის შექმნა მოუწევს.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა არჩევანი 50 საარჩევნო სუბიექტს - 48 პარტიასა და 2 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს. არჩევნებში კენჭს იყრიან როგორც საარჩევნო სუბიექტების, ასევე საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები.

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი, ასევე 52 (მათ შორის 2 ავღანეთში) საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ (38 ქვეყანა). არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. 

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებული 14 170. 

31 ოქტომბერს, პარლამენტის არჩევნებთან ერთად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება.

დღესვე, საქართველოს რამდენიმე საარჩევნო ოლქში, ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები.

საკრებულოების შუალედური არჩევნები თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ჯამში 39 საარჩევნო უბანზე გაიმართება. მერების რიგგარეშე არჩევნები კი კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 254 საარჩევნო უბანზე.

არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 80 819 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 46981 და 5 საარჩევნო ადმინისტრაციის, 20 საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 118 მედიაორგანიზაციის 5 971 წარმომადგენელი.

საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათზე დაიკეტება. 07:00 საათზე საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დაწყებამდე აუცილებელი პროცედურები უნდა ჩატარდეს, უშუალოდ ხმის მიცემის პროცედურა კი, 08:00 საათზე დაიწყება. კენჭისყრის შენობა 20:00 საათზე დაიკეტება. ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს აღრიცხავს, მათ რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს აცნობებს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას აღნიშნავს.

გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა 09:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათზე დასრულდება. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20:00 საათისა.

რაც შეეხება საარჩევნო უბნებზე კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაწესებულ შეზღუდვებს, საარჩევნო უბანზე მისული თითოეული ამომრჩეველი ვალდებულია პირბადე ეკეთოს. არქონის შემთხვევაში მას პირბადეს ადგილზე მისცემენ. 

31 ოქტომბერს, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს პირბადის მცირე ხნით მოხსნა ორჯერ მოუწევს, უარის თქმის შემთხვევაში კი არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცემა

ცენტრალური საარჩევო კომისიის დადგენილების მიხედვით, ამომრჩეველი ვალდებულია დროებით მოიხსნას პირბადე თავდაპირველად კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარდგენის დროს, შემდეგ კი ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ პირადობის მოწმობაში ან პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს.

დადგენილების თანახმად, ამომრჩეველი, რომელიც პირბადის მოხსნაზე უარს იტყვის, არ დაიშვება კენჭისყრის ოთახში და მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი.

პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო ცნობით. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება გამადიდებელი ლინზები, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის - ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა.

ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულია 1134 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით.

როგორც საარჩევნო ადმინისტრაცია განმარტავს, საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ეტლით მოსარგებლე პირებს წელს პირველად მიეცათ საშუალება არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბანზე.

31 ოქტომბერს - კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია.

აკრძალულია კენჭისყრამდე 8-საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების გადაცემა, აგრეთვე საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე.

გარდა ამისა, კენჭისყრის დღეს აკრძალულია პარტიის მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო და საუბნო კომისიების წევრების გამოწვევა. იკრძალება საარჩევნო სუბიექტის მიერ მისი წარმომადგენლის დანიშვნა, გამოწვევა, შეცვლა.

შეგახსენებთ, რომ 117 მომხრე, 3 წინააღმდეგი - საკონსტიტუცი ცვლილებები პარლამენტმა 29 ივნისს მესამე მოსმენით მიიღო

ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს ბიძინა გეგიძემ და კახა ოქრიაშვილმა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ "ქართულ ოცნებიდას" წარმოადგენდა, ასევე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალექსანდრე ერქვანიამ, რომელმაც უმრავლესობა რამდენიმე თვის წინ, პროტესტის ნიშნად დატოვა. 

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ოპოზიციურმა ფრაქციებმა - ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" და ,,ევროპულმა საქართველომ". როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობდნენ, ცვლილებებს მხარს მხოლოდ "მთავარი არხის" მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლების შემთხვევაში დაუჭერედნენ, რომელსაც ისინი პოლიტპატიმრად მიიჩნევენ. 

საკონტიტუციო ცვლილებების მისაღებად სულ 113 ხმა იყო საჭირო.

23 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით კენჭი უყარა საკონსტიტუციო ცვლილებებს. მაშნ პროექტს მხარი 115-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 3.

საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით 120/30 და 1%-იანი ბარიერით ტარდება.

კანონპროექტი ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც გულისხმობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

20-21 ივნისის საპროტესტო აქციების დროს, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირება არ შესრულდა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უმრავლესობის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა.

პროტესტის ნიშნად უმრავლესობა დატოვა დეპუტატების ნაწილმა. კენჭისყრის შემდეგ, საპარლამენტო თანამდებობები და უმრავლესობა დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ზაზა ხუციშვილმა, ირინე ფრუიძემ, მარიამ ჯაშმა და აკაკი ზოიძემ. ამის შემდეგ კი, საპარლამენტო უმრავლესობას ზვიად ძიძიგურის პარტია "კონსერვატორებიც" გამოეთიშა.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიპლომატების ინიციატივით, მოლაპარაკებები დაიწყო, სადაც მმართველი გუნდი ოპოზიციას პროპორციული მანდატების 100-მდე გაზრდასა და მაჟორიტარულის 50-მდე შემცირებას სთავაზობდა.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიპლომატების ორგანიზებული მოლაპარაკებები "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ შეწყდა. თბილისის ყოფილ მერს უზენაესმა სასამართლომ 3 წლით და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

უგულავას დაკავების შემდეგ, ოპოზიციამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებას აზრი არ ჰქონდა, თუ მმართველი გუნდი პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებდა და ისეთ საარჩევნო მექანიზმს არ დათანხმდებოდა, რომელიც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას მთავრობის დაკომპლექტების საშუალებას არ მისცემდა.

მოგვიანებით, შეწყვეტილი დიალოგი კვლავ დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით განახლდა. ამჯერად, ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა დიალოგი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად არაოფიციალურ შეხვედრებზე განაგრძო. საარჩევნო საკითხებზე პირველი არაფორმალური შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის მორიგი რაუნდი მალე შედგებოდა. ამის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა გერმანიის ელჩის რეზიდენციაში შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ახლოს არიან შეთანხმებასთან. პოზიციების დაახლოებასა და მოსალოდნელ შეთანხმებაზე ისაუბრა ოპოზიციონერმა დავით უსუფაშვილმაც.

ოპოზიციის განცხადებით, ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც უზრუნველყოფდა წარმომადგენლობის პროპორციულობას იყო 130/20-ზე, თუმცა ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე უმრავლესობასთან შეთანხმებაზე უარს ამბობდნენ.

"ქართულ ოცნებაში" 40%-იან ბარიერზე თანხმობა განაცხადეს, რადგან მათი თქმით, არჩევნებში 50%-ზე ნაკლების აღებას არ აპირებენ. მათ ოპოზიციას 110/40-ზე ფორმატი შესთავაზეს, თუმცა დაკავებულ ოპოზოციონერებს ისინი პოლიტპატიმრებად არ მიიჩნევდნენ. მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეთანხმება უახლოეს დღეებში უნდა შემდგარიყო, რადგან 9 მარტის შემდეგ, კანონის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებები ვეღარ მოესწრებოდა.

2020 წლის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება 8 მარტს შედგა . ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელსა და ერთპროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. აღნიშნულზე მემორანდუმი გაფორმდა და მას ხელი ორმხრივად მოეწერა.ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია მთავრობის ერთპარტიულ დაკომპლექტებას ვერ შეძლებს.

ოპოზიციასა და მთავრობას შორის მიღწეული საარჩევნო შეთანხმება ისევ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში განაცხადეს, რომ შეთანხმებიდან ორი თვის შემდეგ, მმართველი გუნდი 8 მარტის დოკუმენტით გათვალისწინებულ პირობებს არ ასრულებდა, რადგან პოლიტიკოსები ისევ პატიმრობაში რჩებოდნენ.

"ქართულ ოცნებაში" კი აცხადებდნენ, რომ პატიმრების გათავისუფლება შეთანხმების საგანი არ ყოფილა.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს მიმართა თხოვნით,ნათელი მოეფინათ შეთანხმების შინაარსისთვის იმის თაობაზე, რომ უმრავლესობას არ აუღია უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება.

აღნიშნულ მიმართვას აშშ-ის საელჩოსა და ფასილიტატორი ელჩების ერთობლივი განცხადება მოჰყვა, სადაც აღნიშნული იყო, რომ 8 მარტის შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ელჩები მოუწოდებდნენ მხარეებს, სრულად დაეცვათ შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელებულიყო.

ამავე პერიოდში, ევროპარლამენტის წევრმა, ევროპის სახალხო პარტია ქრისტიან დემოკრატებიდან, მიხაელ გალერმა განაცხადა, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელოდებოდნენ, რაც მისივე მტკიცებით, აუცილებელია თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად ევროპარლამენტარის თქმით, ყველა მხარე ვალდებული იყო დაეცვა 8 მარტის შეთანხმების ტექსტი და სულისკვეთება.

გარდა ამისა, განაცხადება გააკეთა სენატორმა ჯიმ რიშმა.აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს 8 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების სრულად შესრულებისკენ მოუწოდა.

აღნიშნული განცხადებების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 2020 წლის 13 აპრილს მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადააკვალიფიცირა.

პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრი. გიორგი გახარიას თქმით მისთვის ძალიან მძიმეა, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა პირი, რომელიც პარლამენტის შტურმით აღებას ცდილობდა.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კი, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას სამწუხარო და არაპოპულარული ნაბიჯი უწოდა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ კი განაცხადა, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და თავად ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, თუმცა მისი თქმით, შეწყალების აქტის გამოცემით, პრეზიდენტმა ოპოზიცია პოლიტიკური იარაღისგან განაიარაღა და სათქმელი აღარ დაუტოვა.

ოზიციაში კი განაცხადეს, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებით 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე არ შესრულდა, რადგან პატიმრობაში რჩებიდა "მთავარი არხის" მეწილე, გიორგი რურუა. გიორგი რურუა სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით 18 ნოემბერს დააკავეს. მოგვიანებით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

4 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საერთო სახალხო განხილვა, კორონავირუსის პანდემიის გამო, სატელევიზიო ფორმატში დაიწყო.

19 ივნისს კი, კონსტიტუციური პროექტის განხილვა პარლამენტში, საკომიტეტო ფორმატში შედგა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირაცვლილებების პროექტს ხმა კომიტეტის 11-მა წევრმა მისცა.

სხდომას საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრები, ასევე დეპუტატი ეკა ბესელია ესწრებოდნენ. განხილვისას კომიტეტის წვრებმა აღნიშნეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს "ქართული ოცნების" 92 დეპუტატი უჭერდა მხარს. მხარდაჭერა დაადასტურეს ასევე "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრებმა. მათი განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილებას პლენარულ სხდომაზე ფრაქციის 7-ივე წევრი დაუჭერდა მხარს.

სხდომას არ დასწრებიან "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები. მათი განცხადებით, ვიდრე მმართველი გუნდი გიორგი რურუას პატიმრობიდან არ გაათავისუფლებდა, ისინი არც განხილვებსა და არც კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.

იმავე დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ფასილიტატორმა ელჩებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათ ყველა მხარეს კენჭისყრაში მონაწილეობისკენ და 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდეს.

ელჩების წერილს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადება მოჰყვა. თალაკვაძე ელჩების განცხადებას მიესალმა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი 21 ივნისის კენჭისყრაზე საარჩევნო სისტემის ცვლილებას სრულად დაუჭედა მხარს.

ელჩების განცხადების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ თქვა, რომ ეს განცხადება მნიშვნელოვანია და გუნდში აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებდნენ. თუმცა, საბლოოდ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვეტილება არ შეცვალა.

სამაგიეროდ, გადაწყვეტილება შეცვალა "ევროპულმა საქართველომ" და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებდა და პროექტს მხოლოდ პირველი მოსმენით დაუჭერდა მხარს. მათი განცხადებით, მეორე და მესამე მოსმენაზე ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდნენ, თუ გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდებოდა. სასამართლომ რურუა პატიმრობაში დატოვა. 30 ივლისს მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

31 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები დანიშნა. გამოცემული განკარგულებებით, პრეზიდენტმა არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი დაასახელა. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system