თავში

საქართველოს პარლამენტის წევრები აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის წევრები აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის წევრები აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები საქართველოში ვიზით მყოფ აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდნენ. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაღრმავებაზე, ამერიკის კონგრესში საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერებაზე და ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის წლევანდელ რედაქციაზე, სადაც საქართველოს ცალკე ქვეთავი ეთმობა.

„სტუმრები დაინტერესდნენ სამომავლო თანამშრომლობით, იმისთვის, რომ ამერიკის კონგრესში რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბდეს და საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა.

მისი თქმით, ვაშინგტონში ვიზიტების დროს ქართული მხარე ეცდება, რომ ამერიკასთან ურთიერთობაში უფრო მეტს მიაღწიოს.

გიორგი ხელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ჯორჯიის შტატის კონგრესმენის, ოსტინ სკოტის რედაქციით გამოქვეყნდა ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის წლევანდელი რედაქცია, რომელშიც განსაკუთრებული ცალკე ქვეთავი საქართველოს ეთმობა.

„დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა, მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებაში, რეგიონული მშვიდობის, შავი ზღვის უსაფრთხოების და დემოკრატიული გამძლეობის თვალსაზრისით“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზი და პარლამენტის სასახლეში განთავსებული საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩამოგდებული სტრატეგიული ბომბდამშენი ფრთის ნაწილი დაათვალიერეს.

აშშ-ის კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, ირაკლი ბერაია, გიორგი ხელაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system