თავში

საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - VIDEO

საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - VIDEO

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის მოთხოვნას საგანგებო მდგომარეობის შემოღების თაობაზე. 

ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში გააკეთა. 

“ჯერ არ ჩანს დაავადების განკურნების საშუალებები, ჩვენს ხელში მხოლოდ პრევენციაა. გასულ დღეებში ყველამ ვნახეთ, თუ რამდენად დროულად, ეფექტიანად და უდიდესი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით მოეკიდა ამ გამოწვევას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ლუგარის ცენტრი და ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა. მათ მიერ გაცემული პროფესიონალური რჩევების საფუძველზე, ასევე დროული და ეფექტური რეაგირებით სახელმწიფო უწყებებმა შეძლეს და შეაკავეს ვირუსის შემოჭრის ტემპი და მასშტაბი. მათი ერთობლივი დამსახურებაა ის, რომ დღეისათვის საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა ათეულების ფარგლებშია. ჩვენ ეპიდემიის პირველი ტალღის შეჩერება მოვახერხეთ, რითაც შეიძლება ვიამაყოთ, ეს არის ჩვენი საზოგადოების, სახელმწიფო უწყებებისა და ჯანდაცვის ერთობლივი მიღწევა. ეს პირველი წარმატება გამარჯვებად უნდა ვაქციოთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორი გახარიამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოაცხადების მოთხოვნით დღეს მიმართა.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ ქვეყნის მოსახლეობას პირდაპირი ეთერით ამცნო.

"საქართველოს მთავრობა დღეს მიმართავს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე" - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა ჩაინიშნა.

საგანგებო სხდომა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში 16:30 საათისთვისაა ჩანიშნული. 

ცნობისთვის, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალები უკვე გადავიდა ყაზარმულ მდგომარეობაზე.

საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე ისაუბრა.

“საგანგებო მდგომარეობა მთავრობას აძლევს შემდეგ შესაძლებლობას – იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში. წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები.

საერთაშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო და საზღვარო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა. დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული სამართალწარმოების განსხვავებული წესები და ვადები.

საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები.

იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა. მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციების, ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.

აუცილებლობის შემთხვევაში, მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე სამედიცინო მომსახურეობასა და პირველადი მომსახურების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას. მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვავებულ წესებს და პირობებს.

სასამართლო სხდომები შესაძლოა გაიმართოს დისტანციურად.

ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, კონსტიტუცია განმარტავს, რომ საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის რომელიმე ნაწილში ან მთელ ტერიტორიაზე პრემიერის წარდგინებით პრეზიდენტი აცხადებს. შემდეგ დოკუმენტი პრემიერს უბრუნდება და ხელს აწერს. სწორედ ამ მომენტიდან აქვს დოკუმენტს მოქმედების ძალა. თუმცა პროცედურული ნაწილი ამით არ სრულდება. დოკუმენტს პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ მისი ტექსტი ცხადდება საქვეყნოდ და გადაიცემა მთელი დღის განმავლობაში ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით.

გარდა ამისა, პრეზიდენტი პრემიერის წარდგინებით გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დოკუმენტს - დეკრეტს. ეს დოკუმენტი ხელისუფლებას უფლებას აძლევს, შეზღუდოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები. მაგალითად, მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დააკავოს ადამიანი; აუკრძალოს გადაადგილება; შეუზღუდოს პირადი სივრცე, ან კომუნიკაციის საშუალებები. "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს პირის იზოლაციის, ან კარანტინში მოთავსების გადაწყვეტილებას იღებს შსს. უწყებას იგივე ფუნქცია ეკისრება ეპიდემიისა თუ პანდემიის დროსაც.

პრეზიდენტის გამოცემული დეკრეტითვე, შესაძლებელია, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, კერძოდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ჩანაწერის შეჩერება. გარდა ამისა, შეიძლება შეიზღუდოს საკუთრების უფლებაც - კერძო საწარმოებს განსაკუთრებული რეჟიმი დაუწესონ, ანდა ისარგებლონ მათი ქონებით შესაბამისი ანაზღაურების გაწევის სანაცვლოდ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system