თავში

საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტმა სრული შემადგენლობით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა თავდაცვის ავტორიზაციის ეროვნული აქტის (H.R. 4350) კანონპროექტი, რომელიც 2022 ფისკალური წლისთვის აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია, რომ იმ 780 შესწორებას შორის, რომელიც კონგრესმენების მხრიდან საკომიტეტო განხილვისას დასამტკიცებლად იქნა წარდგენილი, ასევე, არის ჯორჯიის შტატის რესპუბლიკელი კონგრესმენის, ოსტინ სკოტის შესწორება, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობას ეხება.

„კანონპროექტის თანახმად, საქართველო, ტრადიციულად, მოაზრებულია აშშ-ის ღირებულ პარტნიორად, რომელიც ორი ქვეყნის საერთო ინტერესების განმტკიცების ერთგულია; ხაზგასმულია ქართველი სამხედროების მიერ ერაყსა და ავღანეთში ამერიკელ სამხედროებთან ერთად შეტანილი განსაკუთრებული წვლილი. კანონპროექტში კიდევ ერთხელ დადასტურებულია ცალსახა მხარდაჭერა ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ. სამხედრო კომიტეტი, ასევე, ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის როლს და აღნიშნავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობის მნიშვნელობას ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში.

ამასთან, კანონპროექტი კიდევ ერთხელ, მკაფიოდ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკისადმი აშშ-ის საკანონმდებლო ხელისუფლების ურყევ ერთგულებას და მკაფიო მხარდამჭერ გზავნილებს შეიცავს რუსეთის განგრძობადი აგრესიისა და ოკუპაციის ფონზე. კონგრესი მოუწოდებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, განაგრძოს საქართველოს დახმარება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მდგრადობის ამაღლებისა და შეკავების გასაძლიერებლად, მათ შორის, ლეტალური და არალეტალური შესაძლებლობებით.

კანონპროექტი რეგიონში სტაბილურობის უზრუნველოფის მიზნით, მიზანშეწონილად მიიჩნევს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და მზადყოფნის ხელშეწყობას, ნატო-ს ძალებთან ურთიერთავსებადობის გაუმჯობესებას და უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოსა და შავი ზღვის სხვა რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და ჩართულობის გაძლიერებას. დოკუმენტში, ასევე, ხაზგასმულია ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებთან თანამშრომლობის გაგრძელება.

აღსანიშნავია, რომ გარდა უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებული ჩანაწერისა, კანონპროექტის საბაზისო ვერსია ე.წ. Chairman's Mark მნიშვნელოვან ფორმულირებებს შეიცავს ნატო-სა და ევროპელი პარტნიორებისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერის თაობაზე. მათ შორის, აღნიშნულია, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, აშშ-ის ევროპის სარდლობის მეთაურთან შეთანხმებით, კონგრესის ორივე პალატის თავდაცვის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელიც შეაფასებს ევროპაში აშშ-ის თავდაცვის სფეროში განხორციელებული ინვესტიციების მდგომარეობას, მათ შორის, ევროპის შეკავების ინიციატივის ფარგლებში. აღნიშნული ანგარიში, სხვა დეტალებთან ერთად უნდა მოიცავდეს შავ ზღვაში, ხმელთაშუა ზღვასა და არქტიკაში არსებულ გამოწვევებზე აშშ-ის საზღვაოსნო ძალების რეაგირების შესაძლებლობის შეფასებას.

დოკუმენტში, ასევე, საუბარია ანგარიშზე, რომელიც აშშ-ის თავდაცვის მდივნამა, სახელმწიფო მდივანთან შეთანხმებით, დაზვერვის დირექტორთან და, საჭიროებისამებრ, სხვა უწყებებთან კოორდინაციით ორ წელიწადში ერთხელ უნდა წარადგინოს შესაბამის კომიტეტებში. ანგარიში უნდა მოიცავდეს რუსეთის იმ ქმედებებისა და კამპანიების შესახებ ინფორმაციას, რომლის სამიზნე აშშ-ის სამხედრო ალიანსები და პარტნიორები არიან.

წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს უახლოეს მომავალში კენჭს უყრის წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობა. ხოლო მას შემდეგ, რაც კონგრესის ორივე პალატა კანონპროექტის საკუთარ ვერსიებს დააამტკიცებს, ე.წ. „კონფერენციაზე“ მოხდება ორი ვერსიის შეჯერება და დამტკიცების შემდეგ გადაეგზავნება აშშ-ის პრეზიდენტს ხელმოსაწერად.

საქართველოს შესახებ შესწორება ხელმისაწვდომია ბმულზე“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system