თავში

საქართველოს შს მინისტრი ფრანგ კოლეგას შეხვდა - VIDEO

საქართველოს შს მინისტრი ფრანგ კოლეგას შეხვდა
საქართველოს შს მინისტრი ფრანგ კოლეგას შეხვდა - VIDEO

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან, კრისტოფ კასტანერთან.

შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა ფრანგ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საფრანგეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

ვიზიტის მიზანია ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერება და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევების საპასუხოდ ერთობლივი ღონისძიებების და სამომავლო გეგმების განხილვა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევების საპასუხოდ, 2019 წლის მაისში ხელი მოეწერა საფრანგეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ადმინისტრაციულ შეთანხმებას.

შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სექტემბერში მივლენილი ქართველი ოფიცრების წარმატებულ საქმიანობას, რომლებიც საფრანგეთის ჟანდარმერიის, ეროვნული პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის დანაყოფებში ფრანგ კოლეგებთან ერთად მუშაობენ.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრები პირადად გაესაუბრნენ ქართველ ოფიცრებს და მათ ფრანგ ხელმძღვანელებს, განიხილეს მათი საქმიანობის მიმდინარეობა და ერთობლივ მუშაობაში წარმატება უსურვეს.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც მედიას უწყებებს შორის მიმდინარე თანამშრომლობის, არსებული გამოწვევების საპასუხოდ გატარებული ზომების და მათი შედეგების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

„პირველ რიგში, მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ მინისტრს მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის – საქართველოსთვის საფრანგეთის მხარდაჭერა.

ვიზალიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს არ დავკარგოთ.

ჩვენი ინტეგრირება ევროპაში არის ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი, ამას კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს. ვთანამშრომლობთ რა როგორც მიგრაციის, ასევე, ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, რაც დღეს საფრანგეთის მიმართულებით მნიშვნელოვანია. ბატონი მინისტრი ბრძანდებოდა საქართველოში, შეხვდა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, დღევანდელ უკვე პრემიერ-მინისტრს, შეთანხმდნენ სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის, სწორედ მიგრაციის და ორგანიზებული დანაშაულის კუთხით. დამატებით იქნა მოვლენილი სამი ოფიცერი და ვფიქრობთ, კიდევ ოფიცრების დამატებას, რათა საფრანგეთში არ მოხდეს თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა.

ჩვენ მზად ვართ საფრანგეთთან თანამშრომლობისთვის და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით მივაღწევთ იმას, რომ ეს ციფრები, რა თქმა უნდა, დაიკლებს და წამოვა ქვევით”, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system