თავში

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება - VIDEO

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორი გახარიამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოაცხადების მოთხოვნით მიმართა. 

ამის შესახებ გიორგი გახარიამ ქვეყნის მოსახლეობას პირდაპირი ეთერით ამცნო. 

"საქართველოს მთავრობა დღეს მიმართავს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე" - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ცნობისთვის, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალები უკვე გადავიდა ყაზარმულ მდგომარეობაზე.

რას ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა? კონსტიტუცია განმარტავს, რომ საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის რომელიმე ნაწილში ან მთელ ტერიტორიაზე პრემიერის წარდგინებით პრეზიდენტი აცხადებს. შემდეგ დოკუმენტი პრემიერს უბრუნდება და ხელს აწერს. სწორედ ამ მომენტიდან აქვს დოკუმენტს მოქმედების ძალა. თუმცა პროცედურული ნაწილი ამით არ სრულდება. დოკუმენტს პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ მისი ტექსტი ცხადდება საქვეყნოდ და გადაიცემა მთელი დღის განმავლობაში ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით.

გარდა ამისა, პრეზიდენტი პრემიერის წარდგინებით გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დოკუმენტს - დეკრეტს. ეს დოკუმენტი ხელისუფლებას უფლებას აძლევს, შეზღუდოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები. მაგალითად, მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დააკავოს ადამიანი; აუკრძალოს გადაადგილება; შეუზღუდოს პირადი სივრცე, ან კომუნიკაციის საშუალებები. "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს პირის იზოლაციის, ან კარანტინში მოთავსების გადაწყვეტილებას იღებს შსს. უწყებას იგივე ფუნქცია ეკისრება ეპიდემიისა თუ პანდემიის დროსაც.

პრეზიდენტის გამოცემული დეკრეტითვე, შესაძლებელია, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, კერძოდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ჩანაწერის შეჩერება. გარდა ამისა, შეიძლება შეიზღუდოს საკუთრების უფლებაც - კერძო საწარმოებს განსაკუთრებული რეჟიმი დაუწესონ, ანდა ისარგებლონ მათი ქონებით შესაბამისი ანაზღაურების გაწევის სანაცვლოდ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system