თავში

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების, დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებისა და ქმედითი საკანონდებლო მექანიზმებით აღჭურვის მიზნით, საქართველოს პარლამენტს საკანონდებლო წინადადება წარედგინა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით შემუშავდა.

"2019 წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სახით დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედება, ადამიანის უფლებათა დავის კუთხით როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, საქართველოს მხრიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა. თუმცა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების ორწლიანმა მუშაობამ გამოავლინა პრაქტიკული გამოწვევები, რომელთა საკანონმდებლო გზით გადაჭრა აუცილებელია სამსახურის შემდგომი განვითარებისა და დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისთვის.

დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სხვა საგამოძიებო ორგანოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დროულად გადაცემის სათანადო გარანტიებს, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა გამოძიებას იწყებს ის სამართალდამცავი ორგანო, რომლის თანამშრომელიც იმხილება შესაძლო დანაშაულის ჩადენაში; სამსახურის გამომძიებელს დროებითი მოთავსების იზოლატორში და პენიტენციურ დაწესებულებაში საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით შესასვლელად, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, ესაჭიროება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ნებართვა, რაც დროში აჭიანურებს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას და ქმნის მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეს; ხშირ შემთხვევაში, სამართალდამცავ უწყებებში (მაგალითად, პოლიციის განყოფილებებში) დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერების მოპოვება შეუძლებელია მაშინაც კი, როცა მათი მოთხოვნა ხდება დაუყოვნებლივ და არ არის გასული ამავე უწყების მიერ ოფიციალური აქტებით დადგენილი ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა; ამასთან, არც თუ ისე იშვიათია სახელმწიფო უწყებების მხრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის წერილობით მოთხოვნილი ინფორმაციის დაგვიანებით (რამდენიმე კვირის, თვის შემდეგ) მიწოდების შემთხვევები, რაც დროში აჭიანურებს ან/და შეუძლებელს ხდის მტკიცებულების მოპოვებას; სამსახურისთვის გამოწვევად რჩება ექსპერტიზის დასკვნების დროულად მიღება, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს დროული გამოძიების ჩატარებას; არაქმედითია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ზედამხედველი პროკურორისთვის დასაბუთებული წინადადებით მიმართვის მექანიზმი, მისი განხილვისთვის დაწესებული არაგონივრულად ხანგრძლივი ვადების გამო; ამასთან, პროკურორი არ არის ვალდებული დაასაბუთოს სახელმწიფო ინსპექტორისა და სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილის დასაბუთებული წინადადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება და სხვა.

ზემოაღნიშნულ გამოწვევების გადაჭრის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მომზადდა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც მოიცავს ცვლილებებს 14 საკანონმდებლო აქტში, მათ შორის: „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში და „პროკურატურის შესახებ“ ორგანულ კანონში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაზე მოისმინა როგორც რელევანტური სახელმწიფო უწყებების, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, არასამთავრობო სექტორის მოსაზრებები, რომელთა ნაწილი აისახა მასში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქართველოს პარლამენტს, შემდეგი ძირითადი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების თხოვნით მიმართა:

  • ექიმებს, პოლიციის მუშაკებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის თანამშრომლებს დაეკისროთ საკანონმდებლო ვალდებულება წამების, სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვა ძალადობრივი ქმედების შესახებ ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს;
  • განისაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი მოსამართლის ვალდებულება მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, თუ საქმის განხილვისას გაუჩნდება ეჭვი სამართალდამცველთა მხრიდან წამების, სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვა ძალადობრივი ქმედების შესახებ;
  • სახელმწიფო ინსპექტორს მიენიჭოს უფლებამოსილება, დასაბუთებული წინადადებით მიმართოს გენერალურ პროკურორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმესთან მჭიდროდ დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ;
  • განისაზღვროს სხვა საგამოძიებო ორგანოების ვალდებულება, სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ მათ წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალების სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის გაცნობა;
  • 72 საათიდან 24 საათამდე შემცირდეს ზედამხედველი პროკურორისა და გენერალური პროკურორის მიერ, სახელმწიფო ინსპექტორისა და სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილის დასაბუთებული წინადადების განხილვის ვადა, რომელიც შეეხება სასამართლოს განჩინებით ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზანშეწონილობას;
  • გათვალისწინებული იქნეს ზედამხედველი პროკურორისა და გენერალური პროკურორის ვალდებულება დაასაბუთონ გადაწყვეტილება, რომლითაც არ კმაყოფილდება ან ნაწილობრივ კმაყოფილდება სახელმწიფო ინსპექტორისა და სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილის დასაბუთებული წინადადება;
  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებს მიენიჭოთ დროებითი მოთავსების იზოლატორებში, დაწესებულების ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე, დაუბრკოლებლად შესვლის უფლება;
  • განისაზღვროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მტკიცებულებათა გადაცემის შემჭიდროებული ვადა (10 სამუშაო დღე), ხოლო ყველა პირს და ორგანოს დაეკისროს ვალდებულება დაასაბუთოს სამსახურისთვის მტკიცებულების გადაცემაზე უარი ან/და სამსახურს მიაწოდონ ინფორმაცია მტკიცებულების ვადის დარღვევით სამსახურისთვის გადაცემის მიზეზების შესახებ;
  • გათვალისწინებულ იქნეს სამსახურის ქვემდებარე დანაშაულებზე (1442 მუხლი (წამების მუქარა) და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილი (პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია)) ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა;
  • სამსახურს მიენიჭოს მის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეებზე კომპიუტერული, ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზების ჩატარების უფლებამოსილება;
  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიენიჭოს მისივე გამომძიებლების საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების უფლებამოსილება და სხვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტი ეხმიანება იმ საკანონდებლო და პრაქტიკულ გამოწვევებს (რომლებზეც დეტალურად არის საუბარი 2021 წლის 31 მარტს საქართველოს პარლამენტში წარდგენილ სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშში) და ასევე, იმ რეკომენდაციებს, რომლებზეც ხაზგასმულია არასამთავრობო ორგანიზაციების „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ (IDFI) და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში – „დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი საქართველოში – მიღწევები და არსებული გამოწვევები“.

„სახელმწიფოს მხრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხარდაჭერისა და გაძლიერების საჭიროებაზე მიუთითებენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. კერძოდ, სამსახურის შემდგომი ინსტიტუციურ და ფუნქციურ გაძლიერებაზე ხაზგასმულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2020 წელს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებაში, ასევე, გაერო-ს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში 2021 წლის 26 იანვარს გამართული ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას გაცემულ რეკომენდაციებში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს წარდგენილ საკანონდებლო წინადადებას და სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებას", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system