თავში

სახელმწიფო მინისტრი ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარეებს შეხვდა

სახელმწიფო მინისტრი ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარეებს შეხვდა
სახელმწიფო მინისტრი ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარეებს შეხვდა

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან, გაეროს სპეციალურ წარმომადგენელთან ჯიჰან სულთანოღლუსთან და ეუთოს თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში რუდოლფ მიხალკასთან შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება განიხილა. 

სახელმწიფო მინისტრის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა, საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებზე, ე.წ. ბორდერიზაციის, მოსახლეობის გატაცებების და დაკავებების ჩათვლით, რაც პანდემიის დროსაც არ შეწყვეტილა და დღემდე გრძელდება. ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა ხურვალეთში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის განსაკუთრებულ როლს. სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევს ჟენევის ფორმატის გააქტიურებას და მისი ეფექტიანობის გაზრდას. მხარეებმა განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ძირითადად მეორე სამუშაო ჯგუფის თემები, რომლის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უპირობო და ღირსეული დაბრუნება. ხაზგასმით აღინიშნა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენის აუცილებლობა.

“ჟენევის თანათავმჯდომარეებთან გაიმართა ძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც განვიხილეთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებასთან დაკავშირებული მრავალი ასპექტი. განსაკუთრებით აღვნიშნე, რომ გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან დესტრუქციული ქმედებები, როგორც ე.წ. ბორდერიზაციის, ასევე მოსახლეობის უკანონოდ დაკავებების სახით. აქცენტი გავაკეთე ბოლო დღეების განმავლობაში სოფელ ხურვალეთში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებას. თანათავმჯდომარეებს ეთხოვათ ამ მიმართულებით ძალისხმევის გაგრძელება, რათა გაძლიერდეს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე, რომ შეწყდეს დესტრუქციული ქმედებები და მოხდეს ჩვენი მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლება. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა აგრძელებს ინტენსიურ და ყოველდღიურ მუშაობას ამ თემებზე, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის და საშუალების გამოყენებით“-განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system