თავში

სალომე ზურაბიშვილი თელ-ავივში ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრს ესტუმრა

სალომე ზურაბიშვილი თელ-ავივში ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრს ესტუმრა
სალომე ზურაბიშვილი თელ-ავივში ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრს ესტუმრა

სალომე ზურაბიშვილი, ისრაელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თელავივში სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებას SHEBA MEDICAL CENTER ეწვია და ბავშვთა ონკოლოგიური დაავადების ცენტრი დაათვალიერა. ამის შესახებ Report.ge-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.  

მათი ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულება SHEBA, რომელიც გასულ წელს მსოფლიოს 10 საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებას შორის დასახელდა, სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მართული დაწესებულებისგან: ზოგადი სამედიცინო კლინიკის, საბავშვო საავადმყოფოს „საფრა“ და სარეაბილიტაციო კლინიკისაგან შედგება.  

საქართველოს პრეზიდენტი, საბავშვო საავადმყოფოს ბაზაზე, მოქმედ ბავშვთა ონკოლოგიური დაავადების ცენტრის მუშაობას გაეცნო. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბავშვთა ონკოლოგია სათანადო დონეზე არ არის.

"სიმსივნით დაავადებული ბავშვების უმრავლესობას საზღვარგარეთ გამგზავრება უწევთ; ზოგიერთი ისრაელშიც ჩამოდის სამკურნალოდ. ოჯახისთვის უდიდესი წნეხია საზღვარგარეთ გამგზავრება ავადმყოფი ბავშვით. ჩემი საპრეზიდენტო საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ამ პრობლემის მოგვარებისკენ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, როგორც დიაგნოსტიკური, ასევე მკურნალობის მიმართულებით. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა საქართველოში მკურნალობა შეძლონ და მათ არ მოუწიოთ სხვა ქვეყნებში გამგზავრება. როცა მოვდიოდი, გზად ვუყურებდი ამ უზარმაზარ საავადმყოფოს, ეს მართლაც შთამბეჭდავია და თქვენი დიდი მიღწევაა. ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს ამ სფეროში საქართველოც შეგეჯიბრებათ. დღეს ჩვენთვის ეს უდიდესი პრიორიტეტია, და ამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ. შთაგონებული ვარ თქვენი საქმიანობით. შემდეგ ეტაპზე შესაძლოა, თქვენი დახმარება დაგვჭირდეს ტრენინგების, ან სხვა საჭიროებების მხრივ. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს თქვენი დახმარების იმედი. ყველას მადლობას გიხდით და ვიმედოვნებ, რომ საქართველოშიც შეგხვდებით და შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრის საკითხებზე საუბარს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system