თავში

სენატორები რიში და შაჰინი: აშშ არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება

სენატორები რიში და შაჰინი: აშშ არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება
სენატორები რიში და შაჰინი: აშშ არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურებიან.

როგორც სენატორები ერთობლოვ მიმართვაში აღნიშნავენ, ამერიკის შეერთებული შტატები 31 ოქტომბრის არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება.

"მას შემდეგ, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებად ჩამოვედით, ვხედავთ როგორ გაღრმავდა დემოკრატია და გაიზარდა ეკონომიკა. არჩევნებისთვის მზადების პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იმოქმედოს და საარჩევნო ყუთებთან პატიოსნება შეინარჩუნოს.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის დასაწყისში მიღებული კონსტიტუციური რეფორმა საქართველოს დემოკრატიული ლეგიტიმაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. მოსალოდნელი არჩევნების კეთილსინდისიერად ჩატარება კიდევ ერთხელ განამტკიცებს ამ მონაპოვარს და დაადასტურებს ქართველი ხალხის სურვილს, გააგრძელოს სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-მა ამ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებელთა დიდი რაოდენობის დასწრება შეუძლებელი გახადა, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა საერთაშორისო პარტნიორები მჭიდროდ დააკვირდებიან ამ არჩევნებს. ამისათვის აუცილებელია, რომ რუსეთის ფედერაცია არ ჩაერიოს ქართულ არჩევნებში. დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო რეგიონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და მას მრავალი საერთაშორისო მხარდამჭერი ჰყავს.

ჩვენ განვაგრძობთ ქართველი ხახლის პარტნიორულ და მეგობრულ მხარდაჭერას და ვუსურვებთ მათ თავისუფალ, სამართლიან და სანდო არჩევნებს", - აცხადებენ სენატორები. 

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system