
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა შეშფოთებას გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის გამო.
ამასთან, ის ხაზს უსვამს გამჭვირვალე სასამართლო პროცესების აუცილებლობას. მან ასევე აღნიშნა, რომ გამოსავალი აუცილებლად უნდა მოიძებნოს.
"ჩვენ შეშფოთებული ვართ სააკაშვილის შიმშილობით. შეშფოთებულები არიან მისი ევროპელი მეგობრებიც, რომლებიც ბევრნი არიან. მე უკვე წლებია საქართველოში მიმდინარე არჩენებს ვაკვირდები და სისტემატიურად ჩამოვდიოდი ქვეყანაში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ პანდემიით შექმნილ მდგომარეობას. საქართველოს მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოსავლის მოძებნა. ჩვენ მხედველეობაში უნდა მივიღოთ, ის მოვლენებიც, რომლებიც მოხდა საქართველოში 2019 წლის ივნისში. ქართველები პატიოსანი და ამაყი ხალხია, რითაც მე აღფრთოვანებული ვარ. ჩვენ ბევრი საერთო მახასიათებლები გვაქვს. გასაგები იყო ქართველი ხალხის რეაქცია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე ვიზიარებ აზრს, რომ მისი მმართველობა არ იყო სრულყოფილი. მე ვაკვირდებოდი 2012 წლის არჩევნებს, როდესაც ძალაუფლების გადაცემა ძალიან მშვიდობიანი გზით მოხდა. როდესაც ეგზიტპოლის შედეგები ცნობილი გახდა მან ოპონენტის გამარჯვება აღიარა და ძალიან მშვიდად იქცეოდა. და რა მოხდა საქართველოში მისი დაბრუნების შემდეგ? ფაქტობრივად, მას პატიმრობა სასამართლოს გარეშე მიუსაჯეს. მას ჰქონდა ყველანაირი უფლება, რომ თავის ქვეყანაში ჩამოსულიყო. მე იმედი მაქვს ნამდვილი, ღია და გამჭვირვალე სასამართლოსი. ჩვენ შეშფოთებულები ვართ მისი შიმშილობით. შეშფოთებულები არიან მისი ევროპელი მეგობრებიც, რომლებიც ბევრნი არიან. ჩვენ უფრო მეტად საქართველოს მეგობრები ვართ და გვსურს ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს ვინ მართავს ქვეყანას. ახლა რაც ხდება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, არ არის სწორი. გთხოვთ დარჩით მტკიცედ. გთხოვთ გამონახოთ გამოსავალი. ეს თქვენი როლია და არა ჩვენი. ჩვენ შეგვიძლია გიშუამდგომლოთ, თუმცა გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ. ევროკავშირის, შარლ მიშელისა და ელჩ ჰარცელის როლი ამ პროცესში ძალიან პოზიტიურია“, - განაცხადა მან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში, ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა. მიხეილ ღოღაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება გლდანის ციხეში სასწრაფოს ავტომანქანით მოხდა და ის მანქანიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილმა №18 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
პენიტენციურმა სამსახურმა რუსთავის ციხიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გაყვანის კადრები გაასაჯაროვა.
უწყების ცნობით, სააკაშვილს პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია.
გვიან ღამით, სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ექსპრეზიდენტის წერილი გაასაჯაროვა, სადაც სააკაშვილი ცხადებს, რომ მას ფიზიკური და სიტყვიერტი შეურაცხყოფა მიარენეს და მისი ნების საწინააღმდეგოდ გაურკვეველი ინექციის გაკეთება სცადეს.
სააკაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, გლდანის დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვისთვის სათანადო პირობები არ არსებობს. ბექა ბასილაია ამბობს, რომ არსებობს სააკაშვილზე თავდასხმის საშიშროებაც.
დღეს, 9 ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსხურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი მე-40 დღეა შიმშილობს.