თავში

თალაკვაძე პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებზე ოპოზიციასთან შეთანხმებას უარყოფს

თალაკვაძე პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებზე ოპოზიციასთან შეთანხმებას უარყოფს
თალაკვაძე პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებზე ოპოზიციასთან შეთანხმებას უარყოფს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გუშინ, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართულ შეხვედრაზე, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული არ ყოფილა. 

,,კითხვაზე: არის თუ არა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული რომელიმე ადამიანთან დაკავშირებით, ვისზეც ოპოზიცია აქცენტებს აკეთებს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ - არა. ასეთი კონკრეტული შეთანხმება გუშინ პარტიებს შორის არ ყოფილა, არც მიღწეული, არც ხელმოწერილი და არც დადასტურებული", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება სამართლებრივი სახელმწიფოს პრონციპით ხელმძღვანელობს, სადაც ვინმეს დაკავებაზე, პატიმრობაზე ან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებებს არა პოლიტიკოსები, არამედ შესაბამისი ინსტიტუტები იღებენ.

„გუშინ და დღეს ვისმენთ კითხვებს და განსხვავებულ ინტერპრეტაციებს, ეს არის მაღალი პროფილის საქმეები, რომლებზეც მიმდინარეობს გამოძიება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ პოლიტიკური პარტიები შევთანხმდით შემდეგზე, რომ მართლმსაჯულების სისტემა, რომელიმე მხარის მიერ არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის და არავინ უნდა შეეცადოს მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენას. ჩვენი პოზიცია აქამდეც, დღესაც და მომავალშიც იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, სადაც მართლმსაჯულება არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პროცესის ნაწილი, პოლიტიკური კალენდრის ნაწილი, არ შეიძლება მასზე იყოს დამოკიდებული", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

ცნობისთვის, 2020 წლის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, 8 მარტს გამართულ შეხვედრაზე, ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელზე და ერთპროცენტიან ბარიერზე შეთანხმდა. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია მთავრობის ერთპარტიულ დაკომპლექტებას ვერ შეძლებს.

აღნიშნულზე მემორანდუმი გაფორმდა და მას ხელი ორმხრივად მოეწერა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system