
ირანელი გენერლის, ქასემ სულეიმანის მიმართ ტერაქტი სახელმწიფო ტერორიზმის საშინელი და უპრეცედენტო ნიმუშია. ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა და სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს.
"აშშ-მ ტერორისტული აქტი ჩაიდინა, რომელიც არსებულ საერთაშორისო ნორმებს არღვევს. ეს ტერაქტი კაცობრიობას არაპროგნოზირებადი შედეგების მქონე მორიგი მსოფლიო ომის საზღვარზე აყენებს", - ნათქვამია ე.წ. პარლამენტის განცხადებაში.
აფხაზეთის პარლამენტმა ქასემ სულეიმანის ოჯახს, ირანის ხელისუფლებასა და ხალხს მიუსამძიმრა და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მსოფლიოს ქვეყნების მთავრობას აშშ-ს ქმედების დაგმობისკენ მოუწოდა.
გენერლის მკვლელობა დაგმო სამხრეთ ოსეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "აშშ-ს ძალადობრივი აქცია საერთაშორისო სამართალს და დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტს არღვევს".