თავში

სოზარ სუბარი: ბოლნისში მკვეთრად გაიზარდა დაინფიცირებულთა რიცხვი

სოზარ სუბარი: ბოლნისში მკვეთრად გაიზარდა დაინფიცირებულთა რიცხვი
სოზარ სუბარი: ბოლნისში მკვეთრად გაიზარდა დაინფიცირებულთა რიცხვი

ქალაქ ბოლნისში მკვეთრად გაიზარდა დაინფიცირებულთა რიცხვი, მათგან საკმაოდ ბევრია ინფიცირების შემთხვევები მედიკოსებში,-ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა გააკეთა. მისი თქმით დღეს ჩაიკეტა ქალაქი ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი და დაიწყება მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი და ტესტირება.

ბოლნისში 47 ადამიანია დაინფიცირებული.

„იცით, რომ დიდი ხანია, მარნეული და ბოლნისი გამოცხადებულია მკაცრ საკარანტინო ზონად, თუმცა იმის გამო, რომ იქ გავრცელების პატარ-პატარა კერები იჩენდა თავს, პერიოდულად მივიღეთ გადაწყვეტილება და შიგნით რამდენიმე ადგილი გამოვყავით, სადაც აეკრძალათ მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ ადგილებთან ურთიერთობა.

პირველი ასეთი იყო ქვემო ბოლნისი. ზომებმა ის შედეგი მოგვცა, რომ ექვსზე გაჩერდა და აღარ გაიზარდა ამ სოფელში დაინფიცირებულთა რაოდენობა. შემდეგ იყო სავანეთი, სადაც ხუთი ადამიანი არის დაინფიცირებული.

დღეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ქალაქი ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი იქნება გამოყოფილი დანარჩენი მუნიციპალიტეტისგან.

ეს გადაწყვეტილება განაპირობა იმან, რომ უკვე მკვეთრად გაიზარდა უშუალოდ ბოლნისში დაინფიცირებულთა რიცხვი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ დაინფიცირებულია არა ერთი სამედიცინო პერსონალი და ვინაიდან, სამედიცინო პერსონალს ბევრ ადამიანთან ურთიერთობა უწევთ, ბუნებრივია, გაჩნდა საფრთხე – ხომ არ არის მოსახლეობის ფართო ფენაზე გასული.

ამიტომ, ვიწყებთ ძალიან ფართო სკრინინგს, შემოწმებას და ტესტირებას პრაქტიკულად, რომ ბოლომდე აღმოვფხვრათ ყველა კერა, რომელიც შეიძლება იყოს და ყველა საეჭვო დაინფიცირებული შესაბამის კლინიკებში გადავიყვანოთ.

გეოგრაფია ზუსტად რომ იცოდეთ, სავანეთისა და ქვემო ბოლნისისა, დღეს, ბოლნისი და რაჭის უბანი არის გამოყოფილი დანარჩენი მუნიციპალიტეტისგან. თავად რაჭისუბანსა და ქალაქ ბოლნისს შორისაც გაკეთებულია საზღვარი, შლაგბაუმი, სულ 5 საკონტროლო პუნქტია. ერთმანეთში მიმოსვლა მაქსიმალურად შემცირებულია.

მოსახლეობა კარანტინის პირობებს მთლიანობაში იცავს. შეიძლება ითქვას, რომ ბოლნისის და რაჭისუბანში მოსახლეობა გარეთ არ დადის და ძალიან მალე გვეცოდინება ზუსტი სურათი.

ბოლნისი ყველაზე დაზიანებული მუნიციპალიტეტია, რადგან 47-ს მიაღწია დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა“ , – განაცხადა სოზარ სუბარმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system