თავში

სრულიად სხვა ტექსტის თქმა მსურდა - კახა კალაძე

სრულიად სხვა ტექსტის თქმა მსურდა - კახა კალაძე
სრულიად სხვა ტექსტის თქმა მსურდა - კახა კალაძე

„მას შემდეგ, რაც, გუშინ, თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა, სრულიად სხვა განწყობის გამოხატვა, სრულიად სხვა ტექსტის თქმა მსურდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან, ისეთივე აგრესია, სიცრუე, დესტრუქციის მცდელობა დავინახეთ, როგორსაც გასული 4 წლის განმავლობაში ვხედავდით. ალბათ, ეს მოსალოდნელიც იყო“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, პირდაპირი ვიდეოჩართვისას განაცხადა. 

მან ოპონენტებს სამარცხვინოები უწოდა და თქვა, რომ ისინი კვლავ დესტრუქციის და ცილისწამებას ირჩევენ. 

„გულწრფელი სურვილი მქონდა და მაქვს, რომ ამ ქალაქის განვითარებაში იყოთ ჩართულნი, თქვენ საზოგადოების რადიკალურ, მაგრამ მაინც, განუყოფელ ნაწილს წარმოადგენთ, თუმცა, ვხედავ, რომ თქვენ კვლავ დესტრუქციის, ცილისწამების გზას ირჩევთ. თქვენ იმ გუნდის წარმომადგენლები ხართ, რომელიც, 9 წლის განმავლობაში, მთელი ქვეყანა ტერორში აცხოვრა და შექმნა ვირტუალური საქართველო, თითქოს, ქვეყანაში ყველაფერი კარგად იყო და თურმე, არავინ არაფერი იცოდა იმაზე, თუ რა ხდებოდა ციხეებში, ბიზნესთან, ქონებების წართმევებთან, ადამიანების მკვლელობებთან, გაუბედურებასთან დაკავშირებით. თქვენი მინისტრები თანამდებობებზე არაფრით მოდიოდნენ და მილიარდიანი ქონებებით გადიოდნენ პოლიტიკიდან. ამ ფულს კი, ისეთი ტრაგედიებითაც კი შოულობდნენ, როგორიც აგვისტოს ომი იყო. სამარცხვინოები ხართ.

თქვენ იმ ადამიანსაც წარმოადგენთ, რომელმაც თბილისის ბიუჯეტს 48 მილიონი მოჰპარა. დღეს, მეგის ქარდავასა და თემურ უბირიას თანაგუნდელები ჩვენ გვეძახით მწამებლებს. თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც ამტკიცებთ, რომ თქვენს ბელად სააკაშვილს არცერთი დანაშაული არ ჩაუდენია და ციხეში ტყუილად ზის. ეს ის სააკაშვილია, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე ჩატარებულ გამოძიებას პიარს უწოდებს და უტიფრად ამბობს, რომ არა ათასობით, მის ციხეში ნაწამები ადამიანები, არამედ თავად არის წამების მსხვერპლი. საწყალი, თურმე, საკანში ჯდომა არ შეუძლია და ეს მას თრგუნავს. აი, ასეთი უტიფარი, ურცხვი ძალის წარმომადგენლები ხართ თქვენ და, როგორც ჩანს, ყოველთვის ასეთებად დარჩებით. აი, ეს ხალხი, ჩვენგან ითხოვთ, რომ იდეალურები ვიყოთ. დიახ, ჩვენ, შეიძლება, იდეალურები არ ვართ, მაგრამ ოპტიმალურები ვართ ამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კონტექსტში. 

თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ დესტრუქცია, ყოველდღე მოიგონოთ ტყუილი, ყველა დაარწმუნოთ, თითქოს ქვეყანა იქცევა, მოაწყობთ რევოლუციას და თქვენს ლიდერ მეგის ქარდავას გაათავისუფლებთ ციხიდან. ეს თქვენი საქმეა, რომლისგანაც გარწმუნებთ არაფერი გამოვა, როგორც არ გამოვიდა გასული რვა წლის მანძილზე. ჩვენ კი გავაგრძელებთ საქმის კეთებას, თბილისის და თბილისელების უკეთესი მომავლის შენებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც დავპირდით მოსახლეობას, ოღონდ თქვენი მონაწილეობის გარეშე. თქვენ კი, ისეთივე ცხვირჩამოშვებულები, იმედგაცრუებულები და ძალაგამოცლილები დარჩებით, როგორიც გასული ოთხი წლის მანძილზე იყავით. თქვენი მოქმედების ერთადერთი ფორმულა და ალგორითმი არის - რაც უფრო ცუდად იქნება ყველაფერი, მით უკეთესი თქვენთვის. მინდა გული დაგწყვიტოთ და გითხრათ, არაფერი ცუდად არ იქნება, მომდევნო ოთხი წელი თბილისის აღმშენებლობისა და განვითარების წლები იქნება.

აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გაუმჯობესდება ვითარება, ყველა დაპირებულ პროექტს განვახორციელებთ და არ მოგცემთ საშუალებას, ჩვენს და თქვენს შვილებს მომავალი დაუნგრიოთ, ეს უბრალოდ არ მოხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საკუთარ ვიდეომიმართვაში დედაქალაქის მერმა თანაგუნდელებს თბილისელებზე ზრუნვასა და საქმეზე ორიენტაციისკენ მოუწოდა.

„ჩვენ თბილისის აღმშენებლობის ახალ ისტორიას დავწერთ. ჩემს თანაგუნდელებს მოგიწოდებთ, არცერთი დღე, არცერთი წამი არ დაკარგოთ უსაგნო კამათისთვის, სრულად ორიენტირდით საქმეზე, თბილისის და თბილისელების პრობლემების მოგვარებაზე. უფრო მეტად მწვანე, უფრო ჯანსაღი, მდიდარი და სიცოცხლით სავსე თბილისი იყოს ჩვენი პასუხი ყველა იმ ცილისწამებაზე, რომელსაც ოპონენტებისგან მოვისმენთ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა თბილისის და თბილისელების წინაშე და ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებთ! ადამიანურად გპირდებით, ისეთ პროექტებს გავაკეთებთ, ყველა იამაყებს და ოთხი წლის შემდეგ ერთმანეთის თვალებში ჩახედვის არ შეგვრცხვება.

ბოლოს კი გეტყვით, დღეს ყველაზე მეტად რაც გვაკლია სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა. გვიყვარდეს ერთმანეთი“, - - აღნიშნა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system