თავში

სტრასბურგიდან წერილი მას შემდეგ მივიღეთ, რაც სააკაშვილს გორში გადასვლა შევთავაზეთ - ბექა ძამაშვილი

სტრასბურგიდან წერილი მას შემდეგ მივიღეთ, რაც სააკაშვილს გორში გადასვლა შევთავაზეთ - ბექა ძამაშვილი
სტრასბურგიდან წერილი მას შემდეგ მივიღეთ, რაც სააკაშვილს გორში გადასვლა შევთავაზეთ - ბექა ძამაშვილი

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან ოფიციალური წერილი სამინისტრომ 19 ნოემბრის საღამოს მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა:

„სტრასბურგის სასამართლოდან აღნიშნული წერილი მივიღეთ 19 ნოემბერს, საღამოს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგი ჩაატარა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მიზნით სააკაშვილს (რომელიც არ ასრულებდა სტრასბურგის სასამართლოს დაჟინებულ მოწოდებას) გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ბექა ძამაშვილის განცხადებით, აღნიშნულ წერილში სტრასბურგის სასამართლომ მომჩივანს შიმშილობის „დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა“, ხოლო საქართველოს მიუთითა, რომ მკურნალობის პროცესში გაეთვალისწინებინა ექიმთა ჯგუფის მიერ 17 ნოემბერს გამოცემული მოსაზრება:

„სასამართლომ, აგრეთვე, დააზუსტა, რომ ორივე მხარის მიმართ დაკისრებული ღონისძიებები იყო ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და უპირობო, რითაც მიანიშნა მომჩივანი, რომ შიმშილობის შეწყვეტისთვის რაიმე წინაპირობის დაწესება დაუშვებელი იყო“ - ამბობს ძამაშვილი.

როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს უკვე ორჯერ გაუგზავნა შუალედური ინფორმაცია.

„მას შემდეგ, რაც პატიმარი გადაყვანილია გორის ჰოსპიტალში და წარმატებით მიმდინარეობს მისი შიმშილობისშემდგომი პერიოდის მკურნალობა, ევროპული სასამართლოს მიერ ორივე მხარის მიმართ გაკეთებული მითითებები შესრულებულია. იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს უკვე ორჯერ გაუგზავნა შუალედური ინფორმაცია და საბოლოო ინფორმაცია გაიგზავნება დათქმულ ვადაში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მიღებულ შუალედურ ზომებს 24 ნოემბერს, საქართველოს მთავრობისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ განიხილავენ.

წერილიდან ასევე ირკვევა, რომ სასამართლომ საქართველოს მთავრობას დაავალა, ეხელმძღვანელა 2021 წლის 17 ნოემბრის (ომბუდსმენის კონსილიუმი) სამედიცინო დასკვნით და აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, უზრუნველეყო პატიმრის შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რომელიც მორგებული იქნებოდა განმცხადებლის შეცვლილ სამედიცინო მდგომარეობასთან.

აღნიშნულ წერილს გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და აღნიშნა, რომ "სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბერს გამოუცია დროებითი ღონისძიება და სწორედ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე მითითებით მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის მიწოდება დაუვალებია სახელმწიფოსთვის".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system