თავში

თალაკვაძე: რაც მერაბიშვილმა ახლა აღმოაჩინა, საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია

თალაკვაძე: რაც მერაბიშვილმა ახლა აღმოაჩინა, საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია
თალაკვაძე: რაც მერაბიშვილმა ახლა აღმოაჩინა, საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ის, რაც ვანო მერაბიშვილმა ახლა აღმოაჩინა ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკურ ვაჭრობასა და მანდატებისა და სკამების გადანაწილებასთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია.

„განსაკუთრებით, ძველ ოპოზიციას გამოვყოფდი, რომელიც არის დესტრუქციული და მას პოზიტიური დღის წესრიგი არ გააჩნია. ეს ვანო მერაბიშვილმა ახლა აღმოაჩინა, როგორც ჩანს, მან უკვე ჩაიხედა ძველი ოპოზიციის სამზარეულოში და ის უპრინციპობა ნახა, რაც იქ ხდება. დაწყებული იმით, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძოდა, ძველი ოპოზიცია ებრძოდა ჯანდაცვის სისტემას. გაგრძელებული იმით, როცა ქვეყანა დემოკრატიულ ნაბიჯებს დგამდა, კონსტიტუციასა და „საარჩევნო კოდექსს" ცვლიდა, ძველი ოპოზიცია ამ პროგრესულ ცვლილებებს ებრძოდა. დღეს, როცა ოპოზიციაში გარკვეული განახლების პროცესი მიმდინარეობს, ძველი ოპოზიცია ისევ დესტრუქციული ქმედებებით დღესაც გამორჩეულია. თქვენ ხედავთ, ბევრი სპეკულაცია მიმდინარეობს. ის ხალხი, ვინც გულზე მჯიღს იცემდა, რომ ნებისმიერ ოლქში „ქართულ ოცნებას" დაამარცხებდა, ხედავთ, რომ რიგ-რიგობით უარს ამბობს მაჟორიტარული დეპუტატების კანდიდატებსა და არჩევნებში ოლქებში მონაწილეობაზე. შესაძლოა, ეს ყველაფერი ვანო მერაბიშვილმა ახლა ნახა, თუმცა ეს საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია", - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილმა გაავრცელა განცხადება, სადაც ის აღნიშნავს, რომ დღეს, ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება. მისი თქმით, განახლებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ამ ბრძოლაში, დაასრულოს არჩევნები გამარჯვებით და ხალხს დაუბრუნოს მომავალი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system