თავში

თამარ ჩუგოშვილი: რეზოლუციის ჩავარდნით მდგომარეობა გვირთულდება

თამარ ჩუგოშვილი: რეზოლუციის ჩავარდნით მდგომარეობა გვირთულდება
თამარ ჩუგოშვილი: რეზოლუციის ჩავარდნით მდგომარეობა გვირთულდება

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში დეკლარაციის ჩაგდება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს იმ მძიმე განწყობებს, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით დასავლურ სტრუქტურებში არსებობს, - ამის შესახებ განცხადება დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა. მისი თქმით ევროპარლამენტისა და საქართველოს დელეგაციის უმრავლესობის პოზიციები ერთმანეთს იმდენად დაშორდა, რომ ფიზიკურად საერთო შეხების წერტილების და ისეთი ტექსტის გამოძებნა ვერ მოხდა, რომელიც როგორც ევროპარლამენტისთვის, ასევე საქართველოს დელეგაციისთვის მისაღები იქნებოდა.

„ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი და ასეთი შემთხვევა ჯერ არ გვქონია. მდგომარეობა გვირთულდება და გვიმძიმდება. სამი თვეა, ვამბობ, რომ ყოველდღიურად უარესი იქნება, თუ ხელისუფლება თავის პოზიციას და არასწორ გზავნილებს არ შეცვლის, რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში გზავნის. სამი თვეა, ვამბობთ, ვითარება სულ უფრო დამძიმდება და ბოლოს, ამ ფასის გადახდა მოუწევს არა ერთ პოლიტიკურ ძალას, არამედ მთიანად ქვეყანას. ამ რისკებში შესვლა დაუშვებელია. სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამ ყველაფრიდან რამეს იგებს და თავის ტაქტიკას ცვლის. მათ ქმედებებს გაუმჯობესების არაფერი ეტყობა. ნაბიჯები და განცხადებები, რომელიც პარტნიორებთან ისმის, ურთიერთობის დამძიმებას იწვევს. საუბარი 14 ნოემბრიდან დავიწყეთ, რომ პარტნიორებთან ურთიერთობის ჩამოშლა გველოდებოდა”, – აღნიშნავს ჩუგოშვილი.

დეპუტატის მოსაზრებით, თუ ხელისუფლება პოზიციას არ შეიცვლის ქვეყანამ შეიძლება, ბევრი ცუდი შედეგი მიიღოს.

„შეიძლება, ეს იყოს ცუდი შედეგი არა მხოლოდ პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვის. რაც გუშინ მოხდა, ასეთი რამ არ მომხდარა. იმხელა დისტანცია, მიუღებლობა და შეუთანხმებლობაა პოზიციებში, უპრეცედენტო რამ მოხდა, რეზოლუცია ჩავარდა. ევროპარლამენტი და ხელისუფლება ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ, რომელიც ორივესთვის მისაღები იქნებოდა. კიდევ უფრო მძიმე იქნება მომავალში, თუ ხელისუფლება თავის ტაქტიკას არ შეცვლის. გამოსავალია მხოლოდ კომპრომისი. გზავნილი, რომ ყველაფერი ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, უკვე მათ წინააღმდეგ მუშაობას. ამას უკვე არავინ იღებს. იმაზე საუბარი უხერხულია, რომ რვა წელია ხელისუფლებაში ვარ და ვერ მოვახერხე, ადამიანებს ავუხსნა, რა ხდება ქვეყანაში. ამის თქმა შემრცხვებოდა, არ ვიტყოდი“, – განაცხადა დეპუტატმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system