თავში

თავად ნიკა მელიაზეა დამოკიდებული მისი ბედი - მდინარაძე

თავად ნიკა მელიაზეა დამოკიდებული მისი ბედი - მდინარაძე
თავად ნიკა მელიაზეა დამოკიდებული მისი ბედი - მდინარაძე

მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების საკითხი, თავად ნიკა მელიაზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციის სპეკულაციური მესიჯები სპეკულაციად დარჩება და კანონის ჩარჩოებიდან გასვლის საშუალება არავის ექნება. 

"თავად ნიკა მელიაზეა დამოკიდებული მისი ბედი. კანონის აღსრულება არის ის ერთადერთი ქმედება, რომელზეც დამოკიდებულია ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების საკითხი. დღეს და წინა დღეების განმავლობაშიც, ისინი ცდილობდნენ წარმოეჩინათ, თითქოს მორალი კანონის აღსრულებასთან წინააღმდეგობაში მოდის. წარმოუდგენელია, არ შეიძლება მორალი იყოს კანონის ჩარჩოებიდან გასვლის მხარეს. ასეთი ლოგიკა ქაოსისკენ, სახელმწიფოს დანგრევისკენ არის მიმართული, ეს ძალიან კარგად იციან და ამას შეგნებულად აკეთებენ. დღესაც იგივე მოხდა, როდესაც ისინი შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში რაღაც შეკრებაზე შევიდნენ, როგორც ჩვეულებრივი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და გამოვიდნენ, როგორც ანარქისტები. ფიზიკურ ზეწოლას თუ დაპირისპირებას აანონსებენ, რისკენაც მოუწოდებენ თავიანთ მხარდამჭერებს თუ თანაგუნდელებს, ეს დაუშვებელია. გასაგებია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ჰუმანურია, ზოგადად, ეს ნიშა გვიჭირავს და ასეც ვაპირებთ გაგრძელებას, მაგრამ კანონის ჩარჩოებიდან გასვლა არის ის წითელი ზღვარი, რომელსაც ბუნებრივია, ვერცერთი ხელისუფლება ვერ დაუშვებს, როდესაც ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე დგას. მათი სპეკულაციური მესიჯები სპეკულაციურ მესიჯებად დარჩება", - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარით გაიზარდა.

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს თუმცა არ გამოცხადდა.

ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა.

უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს და აცხადებს, რომ თუ ვინმე მის ნაცვლად გირაოს გადაიხდის, ეს იქნება "ქართული ოცნების" მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system