თავში

"თავდასხმები შეშფოთებას იწვევს" - ევროპარლამენტარები განცხადებას ავრცელებენ

"თავდასხმები შეშფოთებას იწვევს" - ევროპარლამენტარები განცხადებას ავრცელებენ
თავდასხმები შეშფოთებას იწვევს  - ევროპარლამენტარები განცხადებას ავრცელებენ

ევროპარლამენტარები სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი საქართველოს სახალხო დამცველის როლის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის როლი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია.

"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობას, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ქართულ საზოგადოებაში. ქ-ნი ნინო ლომჯარია და მისი ოფისი ქებას იმსახურებს მათი მუშაობისთვის და მათ დამოუკიდებლობაზე თავდასხმები შეშფოთებას იწვევს, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის.

ჩვენ აღვნიშნეთ ნინო ლომჯარიას განცხადებები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ღირსების პატივისცემის, უსაფრთხოებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების საკითხებს ეხება, ასევე რომელიც მოიცავს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობასა და მისი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას.

ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას და ველით, რომ მისი უფლებები იქნება დაცული.

მას შემდეგ, რაც ნინო ლომჯარიამ 2017 წელს დაიკავა თანამდებობა, ის ძალღონეს არ იშურებდა, რათა დაეცვა ადამიანის უფლებები, ხელი შეეწყო კანონის უზენაესობის გაძლიერებისთვის. სწორედ ეს არის ის პრინციპები, რომელიც გაწერილია ასოცირების შეთანხმებაში, რომელიც გაფორმებულია ევროკავშირსა და საქართველოს შორის. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ სფეროებში - განსაკუთრებით სასამართლოს ხელისუფლების დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. ამ ფონზე, მით უფრო მნიშვნელოვანია გვყავდეს სახალხო დამცველი, რომელიც ახორციელებს თავის მოვალეობას გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად.

ქალბატონი ლომჯარია და მისი კოლეგები ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობენ. ეჭვგარეშეა, რომ ისინი არ იმსახურებენ კრიტიკას, საქართველოს დემოკრატიული მომავლის მიმართ ერთგულების გამო", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system