თავში

თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში NATO-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის დამტკიცების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

,,NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში განახლებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი (refreshed SNGP) დამტკიცდა.

განახლებული პაკეტი, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობის აღმშენებლობას, მდგრადობის გაძლიერებას, NATO-სთან თავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მზადების პროცესს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განახლება/გადახედვის (SNGP Refresh) შესახებ გადაწყვეტილება პაკეტის მიღებიდან 5 წლის თავზე, 2019 წელს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიიღეს. საბჭოს დავალებით, ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით NATO-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტს (PCSC) 2020 წლის განმავლობაში აღნიშნული პროცესის ხელმძღვანელობა დაევალა. პროცესს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე ჩამოყალიბებული „NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის უწყებათაშორისი საბჭო“ უძღვებოდა.

 „ის ფაქტი, რომ დღეს მინისტრების დონეზე გვქონდა შეხვედრა პარტნიორებთან, ჩვენი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია. ეს არის საქართველოს მიმართ NATO-ს ყველა წევრი სახელმწიფოს მხრიდან ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირება, ასევე ჩვენი დემონსტრირება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მიმართ. ამას ვაკეთებთ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებით, რომელიც საქართველოსთვის პრაქტიკული მხარდაჭერის მექანიზმებს წარმოადგენს. ალიანსის წევრებმა დაადასტურეს, რომ საქართველოსთან პრაქტიკული დონეზე მხარდაჭერის გასაძლიერებლად სხვადასხვა გზას ეძებენ. NATO 2030-ის ერთ-ერთი მიზანია პარტნიორობის გაძლიერება ისეთ ქვეყნებთან, როგორიც საქართველოა“, - განაცხადა NATO-ს გენერალურ მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე.

5 წლის განმავლობაში წარმატებით განხორციელების ფარგლებში მიღებული გამოცდილების საფუძველზე, SNGP-ის განახლების პროცესი არსებული ინიციატივების გადახედვას, ინტენსიფიკაციას, წარმატებით დასრულებასა და ახალი ინიციატივების დამატებას ისახავდა მიზნად", - აღნიშნულია, თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ NATO-ში, ონლაინ რეჟიმში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა NATO-საქართველოს არსებითი გაძლიერებული პაკეტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system