თავში

ტიკარაძე: უნდა დასრულდეს საუბარი, რომ სამინისტრო და ექიმები წარმოადგენენ სხვადასხვა მხარეს

ტიკარაძე: უნდა დასრულდეს საუბარი, რომ სამინისტრო და ექიმები წარმოადგენენ სხვადასხვა მხარეს
ტიკარაძე: უნდა დასრულდეს საუბარი, რომ სამინისტრო და ექიმები წარმოადგენენ სხვადასხვა მხარეს

უნდა დასრულდეს საუბარი, რომ სამინისტრო და ექიმები წარმოადგენენ ორ სხვადასხვა მხარეს. სამინისტრო და ექიმები არის ერთი განუყოფელი ნაწილი, რომელიც ახორციელებს ნებისმიერ ჩარევას და ქმედებას, რომ ჩვენის საზოგადოების, პაციენტების მდგომარეობა იყოს უსაფრთხო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ექიმების დაკავების შესახებ განაცხადა.

„ყველანი მივილტვით იმისკენ, რომ შევქმნათ ერთობლივი სისტემა, რომელშიც ნებისმიერი ქართველი თუ უცხოელი მოქალაქე შეძლებს და მიიღებს იმ საჭირო, ხარისხიან სერვისს ექიმისთვის და პაციენტისთვის უსაფრთხო გარემოში, სადაც ჩვენ საუკეთესო გამოსავლებს მივიღებთ. შეხვედრის მიზეზი იყო ვახტანგ ყიფიანის საქმე, სადაც ცალსახად გამოიკვეთა, თუ რა მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო საკანონმდებლო, რეგულირების და პროფესიული კომპეტენციების ნუსხაში, რომ ვახტანგ ყიფიანი იყოს ბოლო ექიმი, რომელიც მოხვდა გარკვეულ გაუგებრობაში და დღეს მას ეწოდა თაღლითი ექიმის სახელი. სამინისტრო მზად არის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს არაერთი ქმედება, რომ სიცხადე შეიტანოს ამ საქმეში, მზად ვართ, გამოძიებასთან ვითანამშრომლოთ. მნიშვნელოვანია, უმოკლეს ვადებში მომზადდეს რეგულაცია, რომ ვახტანგ ყიფიანის მსგავსად სხვებიც არ აღმოჩნდნენ მსგავს სიტუაციაში. ასევე, არაერთი მსჯელობა მოჰყვა სამინისტროს მხრიდან ინიცირებულ კანონს, რის შედეგადაც სამინისტრო იძულებული გახდა, გამოეწვია ის საკანონმდებლო ორგანოდან. ამიტომ, უმოკლეს ვადაში უნდა იქნას მიღებული, რადგან მსგავსი შემთხვევები დარეგულირდეს რეგულირებისს სააგენტოს, სამინისტროს, კლინიკასა და პაციენტს შორის“, – განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ვახტანგ ყიფიანის შემთხვევა საკმაოდ კომპლექსური და რთულია” და საგამოძიებო მოქმედებების პროცესში ის ვერ შეაფასებს, ჩაიდინეს თუ არა დანაშაული ექიმებმა. 

„მაშინ, როდესაც მიმდინარეობს აქტიური გამოძიება, არ მაქვს უფლება, მივიღო კონკრეტული დასკვნა, იყო თუ არა ის დამნაშავე. აქ არის დანაშაულის სიმძიმეზე საუბარი. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს რეგულაციები და საკანონმდებლო ბაზა არ არის სათანადოდ მომზადებული, იკვეთება გარკვეული გადაცდომები“,- აღნიშნა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებს შეხვდა. შეხვედრაზე თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომლების დაკავების საკითხზე იმსჯელეს.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ცნობით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს. მათ პაციენტი და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნეს, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და სწორედ მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, აღნიშნული ოპერაცია ექიმმა თავად გაუკეთა პაციენტს, ისე რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი. მან ასევე დაიხმარა პირი, რომელიც აღნიშნულ საავადმყოფოში კონსულტანტის პოზიციაში მუშაობდა.

ოპერაციის შემდეგ პაციენტს ტკივილები განუახლდა, რის გამოც მან აღნიშნულ საავადმყოფოს ისევ მიმართა. ექიმმა ის და მისი ოჯახი განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და რომ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები ჩაატარებდნენ. მას განმეორებითი ოპერაცია გაუკეთდა და ისევე როგორც პირველი ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა ჩაატარეს. ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

მომხდართან დაკავშირებით "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორს ორიდან ხუთ წლამდე, ქირურგს ექვსიდან ცხრა წლამდე, იტალიაში მყოფ ანესთეზიოლოგს კი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system