თავში

წეროვანში მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნ - PHOTO

წეროვანში მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნ - PHOTO
წეროვანში მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნ - PHOTO

წეროვანში საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში სრულიად უპრეცედენტო ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სარეაბილიტაციო და სამედიცინო ტექნიკით, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.

უწყებაში განმარტავენ, რომ ახალი ცენტრი სრულად პასუხობს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მოთხოვნებს.

„შენობა აღჭურვილია სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზით, შესაბამისი ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარით, რომელიც დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს ეხმარება როგორც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციაში, ასევე სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის მომზადებაშიც. ცენტრში განთავსებულია მოედანი მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის, რომელიც დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველო საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში ღირსეულად წარმოაჩინონ“ ,- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ახალი ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა გახსნეს.

სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღედ 27 იანვარი დაწესდება.

აშშ-საქართველოს შორის თანამშრომლობასა და ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსის სარდალმა, გენერალ-მაიორმა ჯეფრი მილჰორნმა და აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარმა ქირურგმა, ბრიგადის გენერალმა რონალდ სტივენსმა.

სიტყვით გამოსვლისა და ლენტის გაჭრის შემდეგ სტუმრებმა ახალი შენობის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ცენტრის სარეაბილიტაციო შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ.

სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას დაესწრნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, აშშ-ის ევროპული სარდლობის, აშშ-ის საელჩოს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები და დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სარეაბილიტაციო ცენტრი საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით აშენდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

ამერიკის მთავრობა ამაყად დგას საქართველოს გამორჩეულად მამაცი სამხედროების გვერდით. ისინი შინ და გარეთ მშვიდობასა და უსაფრთხოებას უწყობენ ხელს.
დღეს დაჭრილი ჯარისკაცების პროგრამამ, რომელიც უმნიშვნელოვანესია დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვისთვის, ახალ ეტაპს მიაღწია.
ამერიკის მთავრობის $4.2-მილიონიანი გრანტით 2,000 კვადრატულ მეტრზე გაშენდა სარეაბილიტაციო ცენტრი. აქ თავმოყრილია ყველა აუცილებელი სივრცე, აღჭურვილობა და მომსახურება, რომელიც მებრძოლებს გამოჯანმრთელებისთვის ესაჭიროებათ.
ძალა ერთობაშია! -
ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system