თავში

წულუკიანი: ხელს ვდებ საქართველოში არსებულ ყველა სიწმინდეზე

წულუკიანი: ხელს ვდებ საქართველოში არსებულ ყველა სიწმინდეზე
წულუკიანი: ხელს ვდებ საქართველოში არსებულ ყველა სიწმინდეზე

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მტკიცებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებაზე შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია. 

მისი თქმით, უნდა შეწყდეს მომლაპარაკებლების ბულნგი იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი თითქოს ვიღაცას რაღაცაზე შეუთანხმდნენ. 

„ხელს ვდებ საქართველოში არსებულ ყველა სიწმინდეზე, უგულავა-რურუა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა. ეს არის ტყუილი, ამიტომ მოდით, შევწყვიტოთ მომლაპარაკებლების, არჩილ თალაკვაძისა და ირაკლი კობახიძის ბულინგი, თითქოს ისინი ვიღაცას რაღაცაზე შეუთანხმდნენ. ამ საკითხზე შეთანხმება არ ყოფილა. ალბათ იყო საუბარი იმაზე, ვის რა სურს და, მიუხედავად ამისა, გაგრძელდა ე.წ. დეპოლარიზაციის მოთხოვნა. 

8 მარტს გავრცელდა განცხადება საკონსტიტუციო სისტემაზე და მართლმსაჯულებაში ჩაურევლობაზე. ერთი მხარე აგრძელებდა ამ ადამიანების გათავისუფლებაზე საუბარს, შემდეგ კი პრეზიდენტმა გადადგა ნაბიჯი სიტუაციის განსამუხტად. მე ვთვლი, რომ ამ ორი ადამიანის შეწყალება არის უსამართლო, ვინაიდან სასჯელაღსრულების სისტემაში გვყავს პატიმრები, რომლებიც არანაკლებ იმსახურებენ შეწყალებას და შვილების ნახვას“, – განაცხადა წულუკიანმა. 

შეგახსენებთ, 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციონერი ლიდერები, ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა.

ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 2020 წლის 13 აპრილს5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადააკვალიფიცირა.

რაც შეეხება გიორგი რურუას, ის ამ ეტაპზე მსჯავრდებული არ არის და მის საქმეზე სასამართლო სხდომები მიმდინარეობს. გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system