თავში

თვითმმართველობის არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიები დაინერგება - კობახიძე

თვითმმართველობის არჩევნებისთვის ელექტრონული
თვითმმართველობის არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიები დაინერგება - კობახიძე

თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაგეგმილია ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა, რაც ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების ოცდაათწლიან პრობლემას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, აღნიშნული საარჩევნო რეფორმის ძირითადი საკითხები ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების ფარგლებში შეჯერდა.

კობახიძემ ასევე მოუწოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისას, დაუყოვნებლივ დაიწყოს  ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისთვის შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფაზე მუშაობა.

"პირველ რიგში, ეს ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას. დაგეგმილია ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას არჩევნების შედეგების დათვლისას და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30-წლიან პრობლემას. ჩვენ ვერ დაველოდებით, როდის დაასრულებს ოპოზიცია ჭირვეულობას და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, ვთხოვთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისთვის შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფაზე, რომლის დასანერგად საქართველოს პარლამენტი სათანადო საკანონმდებლო ბაზას შეიმუშავებს.

აშკარაა, რომ საქართველოში დღეს არსებულ ძირითად ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ დემოკრატიულ პროცესებში დადებითი წვლილის შეტანის რესურსი. მათ ამის საშუალებას არ აძლევს უმძიმესი პოლიტიკური წარსული და თანდაყოლილი დესტრუქციული ბუნება.

თუმცა, რადგან დღეს ისინი განასახიერებენ ოპოზიციას, ვალდებული ვართ, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მათ, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში, არჩევნების შედეგების გადამოწმებასა და საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში. იმედი გვაქვს, ისინი ამჯერად მაინც არ შეუშინდებიან და არ აარიდებენ თავს არჩევნების შედეგების გადამოწმებას. საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვა მათთვის არის ბოლო შანსი, გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნონ სახე საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. თუ საგამოძიებო კომისიის საქმიანობა მათი მონაწილეობის გარეშე წარიმართება და დასრულდება, ისინი ამ შანსსაც საბოლოოდ გაუშვებენ ხელიდან", - განაცხადა კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system