თავში

უგულავა: გახსენით საზღვარი სანამ შიმშილი არ დაწყებულა

უგულავა: გახსენით საზღვარი სანამ შიმშილი არ დაწყებულა
უგულავა: გახსენით საზღვარი სანამ შიმშილი არ დაწყებულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, მთავრობას თურქეთთან საზღვრის გახსნისკენ მოუწოდა. მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში უამრავი ადამიანი, რომელიც სეზონურად თურქეთში მუშაობს, შემოსავლის გარეშე დარჩა. ეს შემოსავალი კი მათ მთელი წლის განმავლობაში ყოფნიდათ. 

"ეს არის ამ ადამიანებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო და ამ სამი თვის განმავლობაში, ჩვენი ერთი მოქალაქე დაახლოებით 8-დან 10 ათას ლარამდე აგროვებს, რითაც ოჯახს ინახავს მთელი წლის განმავლობაში", - განაცხადა უგულავამ 

თბილისის ყოფილი მერის განმარტებით, დასავლეთ საქართველოდან, სეზონურად მეზობელ ქვეყანაში გადადის 10 ათასობით ადამიანი ჩაისა და თხილის საკრეფად. 

"უკვე წლებია ჩვენი მოქალაქეები იმის გამო, რომ აქ ვერ შოულობენ სამუშაოს დადიან თურქეთში სეზონურ სამუშაოზე. მე ვსაუბრობ 10 ათასობით ადამიანზე, რომელსაც საკუთარი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილით და მიდიან მეზობელ ქვეყანაში თხილზე და ჩაის საკრეფად. ჩაის სეზონი უკვე თითქმის გასულია და აგვისტოში იწყება თხილის სეზონი", - ამბობს ის.  

თბილისის ყოფილი მერი ამბობს, რომ საზღვარი სასწრაფოდ უნდა გაიხსნას, რადგან შესაძლოა დასავლეთ საქართველოში პირდაპირი მნიშვნელობით შიმშილი დაიწყოს.

"გახსენით თურქეთთან საზღვარი მანამ, სანამ დასავლეთ საქართველოში პირდაპირი მნიშვნელობით შიმშილი არ დაწყებულა," - განაცხადა მან.

უგულავა საზღვრებზე სპეციალური ინფრასტრუქტურის შექმნას მოითხოვს, რომელიც ადამიანების ვირუსზე შემოწმებას უზრუნველყოფს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system