თავში

უგულავა: "ქართული ოცნება" კრიმინალთან ბრძოლაში დამარცხდა

უგულავა: "ქართული ოცნება" კრიმინალთან ბრძოლაში დამარცხდა
უგულავა: ქართული ოცნება კრიმინალთან ბრძოლაში დამარცხდა

„შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება სრული უპასუხისმგებლობაა და მორიგი თვალში ნაცრის შეყრა, რომ სპეცოპერაციის დროს თურმე ხელმძღვანელობდნენ ჰუმანური მეთოდებით და ადამიანის ზრუნვით", - ამის შესახებ ზუგდიდის ოლქში "ევროპული საქართველოს"  მაჟორიტარობის კადიდატმა გიგი უგულავამ განაცხადა. 

უგულავას თქმით, სპეცოპერაცია ჩაფლავდა და "ქართული ოცნების" ხელისუფლება კრიმინალთან ბრძოლაში დამარცხდა, რაზეც ზუგდიდის ინციდენტიც მიუთითებს. 

,,უნდა ესმოდეს განსაკუთრებით შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ როდესაც დამნაშავე დაჭერილი არ არის და მაღალი ალბათობით ის იდენტიფიცირებულიც კი არ არის, ეს ნიშნავს, რომ ამით მსგავს ქმედებებს მწვანე შუქი ენთება. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში, ანტიტერორისტული ბრძოლის ორგანოები და სახელმწიფოები შეთანხმდნენ იმაზე, რომ როდესაც ტერორისტი თავის საწადელს მიაღწევს, ეს  წახალისებას და მწვანე შუქის ანთებას ნიშნავს მსგავსი ქმედებებისათვის. დღეს, როდესაც ჩვენ ვხედავთ ფაქტს, რომ იდენტიფიცირებულიც კი არ არის დამნაშავე, იმიტომ, რომ ან ხდება დაკავება ცხელ კვალზე ან რამდენიმე დღის შემდეგ უნდა არსებობდეს ფოტორობოტი, უნდა იყოს იდენტიფიცირებული პირი და საზოგადოება ერთვება ასეთ ძიებაში და თუ ვინმეს ინფორმაცია აქვს, აწვდის მას სამართალდამცველებს. ფაქტია, რომ არც ერთი მომხდარა და არც - მეორე. სამწუხაროდ, ჩვენ გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მომენტისთვის ეს არის ჩაფლავებული ოპერაცია და უნდა აღვნიშნოთ, რომ კრიმინალთან ბრძოლაში „ქართული ოცნების" მთავრობა დამარცხდა, რისი სამწუხარო გამოვლინებაც ზუგდიდის ინციდენტი  იყო”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system