თავში

უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებაზე ელჩები განცხადებას ავრცელებენ

უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებაზე ელჩები განცხადებას ავრცელებენ
უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებაზე ელჩები განცხადებას ავრცელებენ

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული დიალოგის მონაწილეები მიესალმებიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების შესახებ. ამის შესახებ განცხადებას ამერიკის საელჩო ავრცელებს:

“მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, გამოეყენებინა საკონსტიტუციო უფლებამოსილება ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვისა და თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესისთვის უფრო ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად.

ჩვენ, პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებს, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე არის 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში შეტანილი უმთავრესი წვლილი.

მტკიცედ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად განახორციელონ შეთანხმება მისი შინაარსის და სულისკვეთების დაცვით და საკუთარი როლი შეასრულონ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის წარმატებით მიღებაში, შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

კვლავ ყურადღებით დავაკვირდებით 8 მარტის შეთანხმების ყველა ასპექტთან დაკავშირებულ სამომავლო წინსვლას.”– წერია ერთობლივ განცხადებაში.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 2020 წლის 13 აპრილს5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადააკვალიფიცირა.

ევროპარლამენტის წევრმა, ევროპის სახალხო პარტია ქრისტიან დემოკრატებიდან, მიხაელ გალერმა განაცხადა, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელიან, რაც აუცილებელია თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად ევროპარლამენტარის თქმით, ყველა მხარემ უნდა დაიცვას 8 მარტის შეთანხმების ტექსტი და სულისკვეთება.

გარდა ამისა, განაცხადება გააკეთა ასევე სენატორმა ჯიმ რიშმა. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, სრულიად შეასრულონ მარტში გაფორმებული ხელშეკრულება.

ბოლო დღეებში ოპოზიციასა და მთავრობას შორის მიღწეული საარჩევნო შეთანხმება ისევ აქტუალური გახდა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმებიდან ორი თვის შემდეგ მმართველი გუნდი 8 მარტის დოკუმენტით გათვალისწინებულ პირობებს არ ასრულებდა, რადგან პოლიტიკოსები ისევ პატიმრობაში რჩებოდნენ.

"ქართულ ოცნებაში" კი აცხადებდნენ, რომ პატიმრების გათავისუფლება შეთანხმების საგანი არ ყოფილა.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს მიმართა თხოვნით, ნათელი მოეფინათ შეთანხმების შინაარსისთვის იმის თაობაზე, რომ უმრავლესობას არ აუღია უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება.

აღნიშნულ მიმართვას აშშ-ის საელჩოსა და ფასილიტატორი ელჩების ერთობლივი განცხადება მოჰყვა, სადაც აღნიშნული იყი, რომ 8 მარტის შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ელჩები მოუწოდებენ მხარეებს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს.

შეგახსენებთ, 2020 წლის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება 8 მარტს შედგა . ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელსა და ერთპროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ.

ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია მთავრობის ერთპარტიულ დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. აღნიშნულზე მემორანდუმი გაფორმდა და მას ხელი ორმხრივად მოეწერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system