თავში

ვაქცინირების ექიმი ანტივაქსერი აღმოჩნდა - მამუკა ხაზარაძე

​ვაქცინირების ექიმი ანტივაქსერი აღმოჩნდა - მამუკა ხაზარაძე
ვაქცინირების ექიმი ანტივაქსერი აღმოჩნდა - მამუკა ხაზარაძე

პარტია "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ქვეყანა კოვიდ მდგომარეობის მხრივ იმაზე უარეს მდგომარეობაში შედის, ვიდრე იყო შარშან, ანალოგიურ პერიოდში. მისი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს პროცესის მართვისთვის საკმარისი რესურსი და მობილიზება. 

მან "ფორმულასთან" ინტერვიუში საკუთარი ვაქცინაციის პროცესზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ექიმი, რომელმაც მას აცრა გაუკეთა, ანტივაქსერი აღმოჩნდა. 

"დიდი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ბატონ ამირან გამყრელიძეს, თუმცა ის ძალიან რბილად საუბრობს და აქცენტი გადააქვს მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზე და მსგავს საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე მგონი ძალიან მკაფიოდ უნდა თქვას მან,  როგორც სპეციალისტმა, რომ აბსოლუტური კატასტროფის მდგომარეობაშია ქვეყანა ყველა პარამეტრით პანდემიასთან ბრძოლის მხრივ. 

საბოლოო ჯამში ყველაფერი იზომება ციფრებით. ჩვენ 3% ვართ აცრილები ამ ქვეყანაში, როდესაც მეზობელი ქვეყნები 26.27 და 30%-ზე არიან ასულები. ეს ზეპარტიული თემა კი არაა, ეს არის სწორედ იმ პარტიის ვალდებულება, რომელმაც ეს ქვეყანა ჩაიბარა და ვერ მართა ეს ქვეყანა. 

მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ ეს არის ძალიან დიდი დანაშაული, რაც ახლა ხდება პანდემიასთან ბრძოლის მენეჯმენტის თვალსაზრისით. 

მე რამდენიმე დღის წინ ავიცერი მეორეჯერ და იმ ოთახში, ექიმი, რომელიც ანკეტას ავსებდა, პრაქტიკულად ანტივაქსერი აღმოჩნდა. რიგი იყო და არ მინდოდა იქ პოლემიკის დაწყება, გაოგნებული გამოვედი კაბინეტიდან, ვნახე ექიმი, რომელიც ამბობდა, არ ვიცი უშველის თუ არა ეს ვაქცინა ამას. 

ეს არის წარმოუდგენელი რაღაც. ამას არც მისმენეჯმენტი ჰქვია და არც უპასუხისმგებლობა ჰქვია. ეს არის დანაშაული, ამ მთავრობის დანაშაული. ამათ ჰგონიათ, ვაქცინის ჩამოტანაა თემა, ვერანაირი ინფრასტრუქტურა, ვეც იდეოლოგიური, ვერც სარეკლამო, ვერც ინფორმაციული უზრუნველყოფა, ვერც ადმინისტრაციული ამბავი, ჩვენ ახლა შევდივართ ანალოგიურ და გაცილებით უარეს სიტუაციაში, რაც იყო შარშან, აჭარა რომ გაიხსნა და წითელ ზონად გამოცხადდა. ადამიანის სიკვდილი უკვე გახდა სტატისტიკა", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system