თავში

"ვამაყობ ჩემი მეუღლის საქმიანობით" - გერმანიის ელჩი კრიტიკას პასუხობს

"ვამაყობ ჩემი მეუღლის საქმიანობით" - გერმანიის ელჩი კრიტიკას პასუხობს
ვამაყობ ჩემი მეუღლის საქმიანობით - გერმანიის ელჩი კრიტიკას პასუხობს

"ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემს საქმიანობაზე ან გამოთქვას ეს აზრი"- ასე პასუხობს საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში გერმანული გამოცემა BILD-ის მიერ მის შესახებ გამოქვეყნებულ კრიტიკულ სტატიას.

ელჩი წერს, რომ სტატია საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან კარგ თანამშრომლობაზე გავლენას არ იქონიებს. მისივე თქმით, მეუღლის საქმიანობით ამაყობს.

"ერთ-ერთმა გერმანულმა ონლაინ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია ჩემს საქმიანობაზე საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენს ურთიერთობაზე, ასევე იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩემი მეუღლე ეწევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემს საქმიანობაზე ან გამოთქვას ეს აზრი. სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შეკრების თავისუფლებისთვის, საქართველოში პლურალისტური პოლიტიკური ცხოვრებისათვის და პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის.

რაც შეეხება ჩემს მეუღლეს ევა მარიას, მე ნამდვილად ვამაყობ მისი ინტენსიური და პროფესიონალური საქმიანობით, რომელიც მოიცავს ქართველი სტუდენტების განათლებას კომპიუტერულ მეცნიერებაში, ისევე, როგორც ვამაყობ მისი სამოქალაქო და საზოგადოებრივი აქტიურობით", - აცხადებს ელჩი.

ცნობისთვის, გერმანული გამოცემა BILD საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშისა და მისი ცოლის ქართულ ოცნებასთან კავშირების შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით "ცუდი ეჭვები გერმანიის ელჩის მიმართ". 

სტატიაში საუბარია, როგორც წლების განმავლობაში გერმანიის ელჩის მხრიდან მმართველი გუნდის მხარდამჭერ ქმედებებსა და განცხადებებზე, ასევე ელჩის ცოლის შემოსავლის სხვადასხვა წყაროზე, რომლებიც ავტორის შეფასებით, პირდაპირ თუ ირიბად ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.

ქნირშის მეუღლე ქუთაისის უნივერსიტეტში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აშენდა, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით ლექციებს კითხულობს.

"ევა მარია ქნირშის დასაქმება ოლიგარქის უნივერსიტეტში არაა გერმანიის საელჩოს ოჯახის ბიუჯეტისთვის სახელმწიფო წყაროებიდან მიღებული ერთადერთი შემოსავალი.

2020 წლის ივნისიდან ევა მარია ქნირში შტატგარეშედ, "საქართველოს წარმომადგენლად" მუშაობს მიუნხენის კომპანია TUM International-ში. ეს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის შვილობილი კომპანიაა.

ქნირშის ადვოკატები ამბობენ, რომ ის ამ სამსახურისთვის ძალიან დაბალ საათობრივ ანაზღაურებას იღებს.

მიუნხენში დაფუძნებული ამ კომპანიის საიტზე კი წერია რომ "TUM International საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მრჩეველია".

შესაბამისად, გერმანიის ელჩის ცოლი საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანისგან და ქართული ოცნების უკან მდგომი ოლიგარქისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან ორმაგად სარგებლობს.

მისი შემოსავლის ერთი წყარო უშუალოდ იმ უნივერსიტეტში მუშაობაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. მეორე მხრივ კი ის მუშაობს გერმანულ კომპანიაში, რომელიც ოლიგარქის უნივერსიტეტის მრჩეველია.

ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს ელჩის მეუღლის დასაქმების საკითხში. BILD-ის კითხვებზე პასუხად, ისინი ამბობენ რომ მხარს უჭერენ საზღვარგარეთ პარტნიორებს შორის პროფესიულ ურთიერთობებს და აღნიშნავენ, რომ ქალბატონი ქნირშის საქმიანობის შესახებ მათთვის ცნობილია" - აღნიშნულია Bild-ის სტატიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system