თავში

ვარშავაში დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას შეხვდა

ვარშავაში დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას შეხვდა

ვარშავაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრა პოლონელ კოლეგასთან ზბიგნევ რაუსთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავცრელებს.

,,მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს და გამოთქვეს მზადყოფნა განაგრძონ აქტიური მუშაობა არსებული მეგობრული ურთიერთობების მაღალ დონეზე შენარჩუნების მიზნით. შეხვედრაზე აღინიშნა პოლონეთისთვის საქართველოს, როგორც რეგიონში პრიორიტეტული პარტნიორის როლი და ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ისტორიულად ჩამოყალიბებულ საერთო ღირებულებებს -დემოკრატიის, თავისუფლების და სუვერენიტეტის სახით.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა პოლონეთს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც აღინიშნა პოლონეთის მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მხარდაჭერის მიმართ.

ამ კონტექსტში მხარეები მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ საქართველო ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომელიც ვიდეო ფორმატით იმართება, სწორედ პოლონეთიდან, პოლონელ კოლეგასთან ერთად მონაწილეობს. აღინიშნა, რომ NATO-ს მაღალი დონის შეხვედრებში საქართველოს მონაწილეობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ალიანსის მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა პოლონელ კოლეგას პანდემიის დროს საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის, მათ შორის პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების რეპატრიაციის პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზაობა მომავალშიც ითანამშრომლონ პანდემიით გამოწვეული გამოწვევების დასაძლევად. ხაზი გაესვა პოლონეთთან არსებული თანამშრომლობის ფორმატების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის უსაფრთხოების და ეკონომიკური სფეროების მიმართულებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე, საუბარი ასევე შეეხო რეგიონში ბოლო განვითარებების ფონზე შექმნილ უსაფრთხოების გარემოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system