თავში

ვატო შაქარიშვილი საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება

ვატო შაქარიშვილი საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება
ვატო შაქარიშვილი საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება

ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საბურთალოზე დამოუკიდებელ მაჟორიტარად იყრის კენჭს.

ის განვლილ 4 წელს აჯამებს და მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისგან მივიწყებული და ნაცმოძრაობის ძალადობისგან დაღლილი მოსახლეობა დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატის მოლოდინშია. 

შაქარიშვილი ასევე ეხმაურება "ქართული ოცნების" დატოვების გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ ის თავდაპირველი იდეის ერთგული რჩება და პარტიის დატოვების მიზეზი ხელისუფლების "ნაცმოძრაობასთან" პოლიტიკური და ბიზნეს კოჰაბიტაცია გახდა.

"ყველაფერი მოსახლეობის ნებით!" - ამ სლოგანით იბრძოლებს საბურთალოზე ვატო შაქარიშვილი. 

"მოახლოვდა თვითმმართველობის არჩევნები, შესამისად, იწურება საკრებულოს წევრობის ძალიან აქტიური, დაძაბული და მრავალფეროვანი 4 წელი. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საბურთალოელს, ვინც 2017 წლის არჩევნებში მხარი დამიჭირა. ცხადია, ეს მხარდაჭერა ქართული ოცნების წევრობამ განაპირობა, რამაც გამიხსნა გზა მოსახლეობასთან და მომცა საშუალება წარმომეჩინა საკუთარი თავი მათ წინაშე. ეს ურთიერთობა ნაყოფიერი აღმოჩნდა, წარმოუდგენელი სითბო მივიღე ამ უბნისგან, გვერდით დამიდგა ყველა თაობის საბურთალოელი, რამაც უდიდესი ძალა მომცა და ამავდროულად, მაგრძნობინა პასუხისმგებლობა. 

საარჩევნო კამპანიამ და შემდეგ მაჟორიტარად საქმიანობის წლებმა დამამეგობრა უამრავ ადამიანთან, ეს არის შეუფასებელი სიმდიდრე, რაც ცხოვრების ბოლომდე გამყვება.

როგორც ზემოთ ვახსენე, ეს 4 წელი დატვირთული იყო მრავალფეროვანი გამოწვევებით. ადგილობრივ საკითხებთან ერთად იყო ეროვნული მნიშვნელობის პოლიტიკური თემები. გამიჭირდება ერთ წერილში შევეხო ყველაფერს, თითოეული ჩემი ნაბიჯი საჯაროა და მოსახლეობას ახსოვს ჩემი პოზიციები მნიშვნელოვან მოვლენებზე. 

ბუნებრივია, გამოვყოფ ქართული ოცნების დატოვების გადაწყვეტილებას. ჩემთვის ქართული ოცნება არ ყოფილა მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანება, ეს იყო რეჟიმის დამარცხების, თავისუფლების, სამართლიანობის და განვითარების იდეა. სამწუხაროდ, ბევრი მიმართულებით ქართული ოცნება აცდა ამ ღირებულებებს, როდესაც სააკაშვილ-ადეიშვილის ჯალათი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა გადაწყვიტა; გააღრმავა ბიზნეს და პოლიტიკური კოჰაბიტაცია ნაცმოძრაობასთან; ვერ უზრუნველყო დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა და საკუთარი უუნარობით ქვეყანა ბევრჯერ გახვია კრიზისში. გუნდმა, რომელთან ერთადაც ადგილობრივ ხელისუფლებაში მოვედით, უარი თქვა იმ პრინციპებზე, რასაც ვაჟღერებდით და ვპირდებოდით მოსახლეობას. დღევანდელი მერია მმართველობის სტილით დღითი დღე ემსგავსებოდა ნაცმოძრაობას. 

ახალმა ადმინისტრაციამ არ აღმოფხვრა კორუფცია, დღემდე გაიცემა პრეფერენციები და პრივილეგიები ახლობლებზე, პოლიტიკური და ფინანსური ინტერესები ჭარბობს საზოგადოებრივ ინტერესებს, თბილისელების ხარჯზე მდიდრდებიან კონკრეტული ადამიანები. 

ეს ყველაფერი ჩემთვის მიუღებელია და სწორედ ამიტომ დავტოვე უმრავლესობის რიგები. ჩემი უფლებამოსილების ნახევარზე მეტი ოპოზიციაში, დამოუკიდებელი წევრის სტატუსით გავატარე. ამ პერიოდში არასოდეს ვყოფილვარ ჩასაფრებულის პოზიციაში, თითოეული ჩემი კრიტიკა ეფუძნებოდა კონკრეტულ ფაქტებს და არგუმენტებს. ამავდროულად, ჩემი პოლიტიკური შეხედულებები ხელს არ მიშლიდა მხარი დამეჭირა პოზიტიური ნაბიჯებისთვის, რომელსაც მერია დგამდა სხვადასხვა მიმართულებით. გასულ წლებში საბურთალოს მოსახლეობის მხარდაჭერით და მათთან ერთად ბრძოლით ბევრი გამარჯვება მოვიპოვეთ ურბანულ ზონდერებზე, ხელი შევუშალეთ გაუმართლებელ მშენებლობებს, გადავარჩინეთ რეკრეაციული სივრცეები და ა.შ.

გადავწყვიტე, დაწყებული ბრძოლის გაგრძელება! დამოუკიდებლად, უპარტიოდ მივიღებ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და კიდევ ერთხელ წარვდგები ჩემი საბურთალოელების, ჩემი თბილისელების წინაშე. ვიაზრებ, რომ ვუპირისპირდები უდიდეს ფინანსურ და პარტიულ რესურსებს, შევდივარ დიდ კონკურენციაში, მაგრამ მაქვს ჯანსაღი ამბიცია, უკან არ დავიხიო არცერთი წამით და გავიმარჯვო არა მანდატისთვის ბრძოლაში, არამედ გავიმარჯვო ვიწრო პარტიულ, მერკანტილურ ინტერესებზე, რათა საბურთალოს ყავდეს საკრებულოში ისეთი წარმომადგენელი, რომელსაც არ შეზღუდავს არანაირი პარტიული და პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელიც იქნება მათი ხმა და უპირველესად, მათი ინტერესების დამცველი.

ყველაფერი მოსახლეობის ნებით!

ეს სლოგანი არ დარჩება ტრაფარეტად, ჩვენ მას რეალობად ვაქცევთ!", - წერს ვატო შაქარიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system