თავში

"ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე" - პრეზიდენტი

"ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე" - პრეზიდენტი
ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე პირველი განცხადება გააკეთა.

"მე პირადად ვიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ კიდევაც იმით, რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ჩიხში შედიოდა. თუმცა ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომლებიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული და ვერც მის „ანულირებაზე“. თუმცა დღეს პოსტფაქტუმ იმის აღმოჩენა, რომ თურმე ისეთი რაღაცები დავთმეთ, რაც მიუღებელი ყოფილა და რამაც შესაძლოა ქვეყანა დააზიანოს, გაუგებარია. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, წითელ ხაზებს ხელმოწერამდე ავლებენ! მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი, რომელიც დგას ამ დოკუმენტის უკან, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიაროს და რომელსაც ვუჭერ მხარს!

გუშინ მოვუსმინე ყველას და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო იმ პარტიების პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულება, რომლებიც ამ შეთანხმების საფუძველზე შევიდნენ პარლამენტში, იმუშავეს და დღესაც მუშაობენ, ქმნიან მოდელს, თუ როგორი უნდა იყოს დეპოლარიზებული ქართული პოლიტიკური სპექტრი. ყოველ მათგანს მინდა ამისთვის მადლობა გამოვუცხადო. მეც ვიზიარებ მათ შეხედულებას, რომ დოკუმენტმა თავისი პირველადი დანიშნულება შეასრულა: პოლიტიკური კრიზისი დაასრულა, სტაბილურობა გამყარდა, მრავალპარტიული პარლამენტი შედგა და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან გადაინაცვლა პარლამენტში, მივიღეთ ახალი საარჩევნო კოდექსი (დიდი იმედი მაქვს, რომ ბარიერის დაწევის შეთანხმებაც შესრულდება, რაც ახალი პარტიების გამოჩენის წინაპირობაა). ამ დოკუმენტის შედეგია, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პოლიტიკური პროცესები, დაკარგეს დესტაბილიზაციის ყოველგვარი რესურსი და ხელის არმოწერით განიცადეს ერთგვარი მარგინალიზაცია!ამდენად, არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა, რითაც ხსნის დოკუმენტის ანულირებას. დოკუმენტი ამ პოლარიზაციას ამცირებს, ასუსტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი, ყველაფრის მიუხედავად გაგრძელდება. ეს არის უალტერნატივო გზა, სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის გამყარებისაკენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზოგადოებამ აირჩია.

პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რეგიონალური გამოწვევების წინაშე, ჩვენი ერთადერთი გზა პოლარიზაციის საბოლოოდ დასრულებაა. წინ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლის დანიშვნას გუშინ მოვაწერე ხელი. ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო, დაცული უნდა იყოს ყველა სუბიექტის უფლებები, რაც გამორიცხავს ძალადობას, სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენას, პირადი ცხოვრების მონაცემების გამოყენებას, კონკურენტის მოღალატედ გამოცხადებას, მედიისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას, ფეიქნიუსების გავრცელებასა და სხვადასხვა სახის ზეწოლას.

ასეთ არჩევნებსა და ასეთ საარჩევნო გარემოს ელის ჩვენგან ჩვენი მოსახლეობა.მე, როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიულობის, სტაბილურობისა და ევროპულობის გარანტი,მოვუწოდებ მათ ჩართულობისა და აქტიურობისაკენ, ამას ელიან ჩვენი პარტნიორები და მათ ვთხოვთ მრავალრიცხოვანი სადამრკვირვებლო მისიების დანიშვნას, ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი ევროპული გზისათვის ზიანის მიყენებ შიგნით ან გარეთ. ამისთვის ჩამოვედი და ამისთვის ვიქნები.", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system