თავში

ვიცე-მერი: სასტუმრო ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ

ვიცე-მერი: სასტუმრო ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ
ვიცე-მერი:  სასტუმრო ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ

თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და შესაბამისად, ვერაფერს ააშენებენ. 

ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის იმ განცხადებას, უპასუხა, რომლის მიხედვითაც, კომპანია დროის დაკარგვას აღარ აპირებს და იანვრის ბოლოს მერიაში სასტუმროს მშენებლობის ნებართვისთვის განცხადებას შეიტანს. 

როგორც ხმალაძემ განმარტა, ერთი წელია, რაც მოლაპარაკებები მიდის და ინვესტორს არაერთი ფართი შესთავაზეს, თუმცა ინვესტორმა ყველა შეთავაზებაზე უარი განაცხადა. 

„ერთი წელია მოლაპარაკება მიმდინარეობს. ერთი ფართი არ შეგვითავაზებია, რამდენიმე ლიკაცია შევთავაზეთ და ამაზეც უარი განაცხადეს. სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადება მეც წავიკითხე, რომ ისევ მშენებლობას დავუბრუნდებითო, აი მეც და თქვენც ერთად ვნახოთ რას ააშენებენ. გამორიცხულია ის, რასაც ესენი იძახიან. არ მივიღებ ასეთ ბრალდებებს, თითქოს ჩვენ მოლაპარაკება დესტრუქციულ რეჟიმში წავიყვანეთ და ფართები არ შევთავაზეთ. იმასაც ვიტყვი, რომ მიწის ფონდი მუნიციპალიტეტს საკმაოდ მწირი აქვს, დიდი არჩევანი ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს, ის შევთავაზეთ და ყველაფერზე უარი მივიღეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განცხადება გაკეთდა და მათ ასე კამპანიურად გადაწყვიტეს, რომ სამართლებრივი პროცესები დაიწყონ იმისთვის, რათა ნებართვა მიიღონ, ვაკის პარკის ტერიტორიაზე ისინი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ. ჩემი აზრით, მათ ძალიან ნაადრევი განცხადება გააკეთეს. ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, მე ვერ დავადასტურებდი, რომ მოლაპარაკებები დასრულდა და ჩვენ ვერ შევთანხმდით. ასე ნამდვილად არ არის. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს“,-განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერმა ასევე აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ მშენებლობის განხორციელების უფლება ჯერ არ აქვთ.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა არ განხორციელდება, ეს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მეორე, ფაქტი, რომ მათ მშენებლობის ნებართვა აქვთ, არ არის სწორი და მესამე, მოლაპარაკებები დასრულდა ცუდად, ესეც არ არის სწორი და ნაადრევი იყო მათი განცხადება“,-განმარტა ხმალაძემ.

შეგახსენებთ რომ 2013 წელს, სპეციალური დადგენილებით, მაშინდელი თბილისის მერის მიერ ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გაიცა, თუმცა საზოგადოების პროტესტის გამო ამ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა შეჩერდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system