თავში

ბულინგის მსხვერპლი "მოცეკვავე კაცის" ზღაპრული ისტორია

ბულინგის მსხვერპლი "მოცეკვავე კაცის" ზღაპრული ისტორია
ბულინგის მსხვერპლი მოცეკვავე კაცის ზღაპრული ისტორია

არსებობენ ადამიანები, ვინც საკუთარი სიცარიელის შევსებას და ეგოს დაკმაყოფილებას სხვისი შერცხვენით ცდილობს. თანამედროვე სამყაროში ამას "ბულინგს" ვუწოდებთ. მსოფლიო სავსეა ისეთი ადამიანებით, რომლებიც ხელს უშლიან მათ, ვინც ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას ცდილობს. "ბულინგი" უმეტესად სკოლის ასაკის ბავშვებში ვლინდება, თუმცა ასაკის მატება "ზრდასრულობის" მიღწევის გარანტი სულაც არაა. 

ინტერნეტის გამოჩენამ ბულინიგის პრობლემა საკლასო ოთახებიდან უფრო ფართო სივრცეში გადაიტანა. მის წინააღმდეგ "გალაშქრების" მცდელობა კი ისეთივე უშედეგოა როგორც პაცეფისტების ქადაგება. არადა თითქოს მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ძალადობა და ბულინგი, უბრალოდ - ცუდი საქციელია. 

ყველაფრის მიუხედავად, "კარგი" ადამიანების ვალია არ დანებდნენ და სცადონ მინიმუმ იმ გარემოს შეცვლა, სადაც არსებობა უწევთ. 

ცოტა ხნის წინ, ინტერნეტი "მოცეკვავე კაცის" ისტორიამ დაიპყრო. ქსელში ჭარბწონიანი მამაკაცის სურათი გამოჩნდა, რომელიც მუსიკით ტკბებოდა და ცეკვით სიამოვნებას იღებდა. საცეკვაო მოედანზე მისი მოძრაობები შეუმჩნეველი არ დარჩენილა და დაცინვის ობიექტი მალე გახდა. დაცინვის შემხედვარე გულგატეხილი "მოცეკვავე კაცი" შეჩერდა და მოწყენილმა თავი დახარა. ეს მომენტი ერთ-ერთმა "მჩაგვრელმა" სურათზეც აღბეჭდა და ინტერნეტში გაავრცელა. "ეს უცნაური ტიპი წინა კვირას შევამჩნიე ცეკვას რომ ცდილობდა, გაჩერდა მას შემდეგ რაც დავცინეთ"

 უსამართლობა იქნებოდა, ეს ყველაფერი ასე დამთავრებულიყო. მართლაც, როგორც ჩანს, ამ საყვარელი მამაკაცის სურათმა, ბევრს გული აუჩუყა და მათში სოლიდარობის გრძნობა გააღვიძა. ინტერნეტში მისი მხარდასაჭერი კომენტარები გამოჩნდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ლოს-ანჯელესში გამოჩნდა ადამიანი (Cassandra), რომელმაც "მოცეკვავე კაცის" პოვნა გადაწყვიტა, რათა მისთვის განსაკუთრებული საღამო მოეწყო. "ამ კაცს ან სურათის გადამღებს ვინმე იცნობთ? ლოს-ანჯელესში ქალბატონების დიდი ჯგუფია ვისაც სურვილი აქვს სპეციალური საღამო მოუწოყოს."  

მოწოდებამ მთელი მსოფლიო მალევე შემოიარა. შონ ობრაიენს ლონდონში მიაგნეს და დაიწყო დიდი სამზადისი.

  მოხალისეები ფულს რიცხავდნენ "მოცეკვავე მამაკაცის" ფონდში, რომელიც ბულინგის წინააღმდეგ გასამართი ღონისძიებისთვის უნდა დახარჯულიყო. მალე ამ ყველაფერმა წარმოუდგენელი მასშტაბები მიიღო. შეგროვებული თანხა 40 000 დოლარს აღწევდა. კამპანიაში ცნობილი ადამიანებიც ჩაერთნენ. ფარელ ვილიამსმა წვეულებაზე დასწრების სურვილი გამოთქვა, ხოლო "მობიმ" უფასოდ დაკვრა შესთავაზა ორგანიზატორებს. 

23 მაისს დიდი წვეულება გაიმართა, სადაც "მჩაგვრელები" არ დაპატიჟეს. "მობის" დაკრულზე უამრავი ხალხი ერთობოდა. შოუბიზნესის ვარსკვლავები "მოცეკვავე კაცთან" ცდილობდნენ სურათის გადაღებას. 1000-ზე მეტი ადამიანი კი პირადად ეცეკვა შონ ო'ბრაიენს. 

 ამის შემდეგ შონი ძალიან პოპულარული გახდა. მას სხვადასხვა შოუებში და კონცერტებზე ხშირად იწვევდნენ. დაუვიწყარი თავგადასავლის დროს კი "მოცეკვავე კაცმა" ბევრი ოცნებაც აისრულა. რაც ყველაზე მთავარია, "მოცეკვავე კაცი" გახდა სიმბოლო იმისა, რომ სხეულის ფორმების მიუხედავად, ცხოვრებით ტკბობა მაინც შესაძლებელია და ჭარბი წონა თუ სხვა მახასიათებელი სასირცხვილო საერთოდ არაა. 

 ეს იმედისმომცემი თანამედროვე ზღაპარია "მოცეკვავე კაცის" შესახებ, თუმცა სამწუხაროდ, რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება. სამყაროს "მოცეკვავე კაცი" ვერ შეცვლის. ეს მხოლოდ, შენი გასაკეთებელია. ალბათ ყველას ცხოვერებაში, ერთხელ მაინც დგება მომენტი, როდესაც საკუთარ თავს დაუსვამს კითხვას - მართლა განსაკუთრებული ვარ? - პასუხის პოვნა მარტივი საქმე ნამდვილად არაა, თუმცა კომფორტის ზონიდან გამოსვლა შესაძლოა საინტერესო პროცესად იქცეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system