თავში

"მაჩანჩალა ნუ ხარ, შენთვის ფლიდი კეთილს არ ამზადებს " - ნიზამი განჯელი

"მაჩანჩალა ნუ ხარ, შენთვის ფლიდი კეთილს არ ამზადებს " - ნიზამი განჯელი
მაჩანჩალა ნუ ხარ, შენთვის ფლიდი კეთილს არ ამზადებს  - ნიზამი განჯელი

"მაჩანჩალა ნუ ხარ, შენთვის ფლიდი კეთილს არ ამზადებს 

 რატომ უნდა დაემონო, თაღლითებს და არამზადებს?

 რატომ გინდა მორჩილებით, მოუხარო ყველას ქედი

 წუხილი და სიდუხჭირე რად გგონია შენი ბედი," 

ამ სიტყვების ავტორი,  აზერბაიჯანელი კლასიკოსი და ჰუმანისტი, ნიზამ ად-დინ აბუ მუჰამედ ილიას იბნ-იუსუფ იბ-ზაქი იბნ-მუაიდი, იგივე ნიზამი განჯევი, განჯაში დაიბადა, სადაც თითქმის მთელი ცხოვრება გაატარა. 

XII საუკუნის სპარსული პოეზია ძირითადად საკარო ხასიათისა იყო, თუმცა ზემოთ მოყვანილი ნაწარმოების ნაწყვეტიდანაც ადვილი მისახვედრია, რომ ნიზამი განჯელს არ აურჩევია მეხოტბეობის გზა და მეტიც, მან სიკვდილამდე შეინარჩუნა შემოქმედებითი თავისუფლება. 

ნიზამი განჯევის შემოქმედებას დიდი რეზონანსი ჰქონდა აღმოსავლურ ლიტერატურაში. მისი პოემების შთაგონებითა თუ მიბაძვით შეიქმნა ათეულობით იმავე სახელწოდების თხზულება. 

ნიზამი განჯევის ეკუთვნის ლირიკული ლექსების კრებული (დივანი) და "ხამსე" (ხუთეული) – 5 პოემა: "საიდუმლოებათა საგანძური" (1179), "ხოსროვ და შირინი" (1181), "ლეილი და მაჯნუნი" (1188), "შვიდი მზეთუნახავი" (1197) და "ისქანდერნამე" (დაახლ. 1200), რომელსაც ორ ნაწილად ჰყოფენ: "დიდების წიგნი" და "ბედნიერების წიგნი".

განჯევის თხზულებების პერსონაჟთა გალერეა მრავალფეროვანია: ცნობილი სასანიანთა შაჰების – ხოსრო ანუშირვანის, ხოსრო ფარვიზის, ბაჰრამ–გურის და სხვათა გვერდით მოქმედებენ უბრალო ადამიანები – ქვისმთლელი ფარჰადი, მხატვარი შაფური, მწყემსი და ა. შ. პოეტის მიზანია ადამიანურ გრძნობათა გამოჩინება, მისი მორალური გარდაქმნის გზების ძიება, სწრაფვა პიროვნების ასამაღლებლად.

"საიდუმლოებათა საგანძური" 20 დიდაქტიკური ხასიათის, სიუჟეტურად ერთმანეთთან დაუკავშირებელი საუბრისაგან შედგება, ამიტომ თხზულებას პირობითად შეიძლება პოემა ეწოდოს. მისი ამოცანაა ავტორის ფილოსოფიურ–რელიგიური შეხედულებათა მხატვრული ფორმით გადმოცემა. შესავალი შეიცავს ნიზამი განჯევის პოეტურ შეხედულებებს.

მომდევნო სამმა პოემამ მთელი ეპოქა შექმნა ეპიკურ–რომანტიკული მიმართულების განვითარებისათვის, აღმოსავლელ ხალხთა ლიტერატურაში. 

პოემა "ხოსროვ და შირინი" რეალისტური ნაწარმოებია, ზღაპრული და ფანტასტიკური ელემენტების გარეშე, რაც იშვიათი გამონაკლისია აღმოსავლურ ლიტერატურაში. ამ ნაწარმოებში, ავტორის მიზანია დაარწმუნოს მკითხველი სიყვარულის განმაკეთილშობილებელ, ამამაღლებელ ძალაში, რასაც აღწევს დიდი მხატვრული დამაჯერებლობითა და ოსტატობით. "ხოსროვისა და ფარჰადის" - შაჰისა და მუშაკაცის დაპირისპირებით, ავტორი ხაზს უსვამს მათ თანასწორუფლებიანობას, ისეთ ფუნდამენტურ ადამიანურ გრძნობაში და უფლებაში, როგორიც არის სიყვარული.

პოემაში "შვიდი მზეთუნახავი" მოთხრობილია მაჰრამ–გურის ცხოვრება. აღნიშნულ ნაწარმოებ როგორც თავისი დროის შვილი, ნიზამი განჯევი სამართლიანი შაჰის იდეას ქადაგებს.

ნიზამი განჯევის გენიალური ნაწარმოები "ლეილი და მაჯნუნი", ზოგიერთი ლიტერატორის აზრით, სიუჟეტითა და შინაარსით შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანს ჰგავს. პოემის სიუჟეტი ერთი შეხედვით მარტივია და შეყვარებული წყვილის ირგვლივ იკვრება. გმირები ნახევრად გამოგონილი, ნახევრად ისტორიული პერსონაჟები არიან და თავიანთი ქმედებებით სხვა რომანტიკული პოემების გმირებს ჰგვანან. ნიზამი განჯევმა პოემა არაბულ-ბერბერული ლეგენდის მოდიფიცირებით შექმნა. მან სიუჟეტის განვითარება ურბანულ სივრცეში გადაიტანა და ნარატივი ბუნების აღწერით შეავსო. პოემა მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ტექსტის სახით დაიბეჭდა.

ნიზამი განჯელის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პოემა "ისქანდერნამეს". მას საფუძვლად უდევს სპარსული და არაბული ქრონიკები, ქრისტიანული და ებრაული წყაროების მიხედვით ისქანდერი (იგივე ალექსანდრე მაკედონელი) იდეალური მეფეა, რომელიც სამართლიანობასა და ჭეშმარიტებას ეძებს, ცდილობს ამოხსნას ადამიანის არსებობის არსი. ნიზამი განჯელმა აღმოსავლელ პოეტთაგან პირველმა უმღერა ამ პოემაში თბილისის მშვენიერ ბუნებასა და მეგობრობას კავკასიელი ხალხის მეგობრობას, რომლებიც გაერთიანებული ძალით აღუდგნენ ალექსანდრე მაკედონელის ამიერკავკასიაში შემოსვლას. პოეტმა შექმნა პერსონაჟთა კოლორიტული სახეები: აზერბაიჯანელი დედოფალი ნუშაბე, ქართველი მეფე და მხედართმთავარი მელიქ დავალი, რომლებიც პოეტმა ერთმანეთს შეაუღლა.

ლიტერატურათმცოდნეები მიიჩნევენ, რომ ანტიკურ ლიტერატურულ შედევრებს პირველი ღირსეული პასუხი ისლამური სამყაროდან სწორედ ნიზამი განჯევმა გასცა საკუთარი ნაწარმოებებით, ხოლო ქრისტიანულ სამყაროში, ასეთ დიდ წიგნად, შოთა რუსთაველის ვეფხის ტყაოსანი მიიჩნევა.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ამის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი. დედის სახელი მოხსენიებულია, როგორც რაისა, მამამისის სახელი, იუსუფი, ერთხელ ნახსენებია მის პოეზიაში, თუმცა მასზე სხვა ცნობები არ არსებობს. ნიზამი ადრე დაობლებულა და ბიძასთან ცხოვრობდა. ნიზამმა სამჯერ იქორწინა. მისი პირველი მეუღლე აფაქი, ყივჩაღელი მონა ქალი, დარუბანდის მმართველმა ფაქირ ალ-დინ ბაჰრამშაჰმა მიუძღვნა, დიდ საჩუქართან ერთად. ის გახდა ნიზამის პირველი და ყველაზე საყვარელი ცოლი. მისი ერთადერთი ვაჟი მუჰამედიც მასთან გაუჩნდა. აფაქი გარდაიცვალა ”ხოსროვ და შირინის” დასრულებისას. მუჰამედი იმ დროს შვიდი წლისა იყო. 

აღსანიშნავია, რომ მისი დანარჩენი ცოლებიც ნაადრევად გარდაიცვალნენ - თითოეული მათგანის სიკვდილი მისი ეპოსის დასრულებას დაემთხვა, რამაც პოეტს ათქმევინა "ღმერთო, რატომ მაიძულებ, რომ ყოველ მესნევის თითო ცოლი შევწირო!" 

გადმოცემის თანახმად ნიზამის სიცოცხლეშივე ძალიან აფასებდნენ, თუმცა მისი ნაწარმოებების შექმნის თარიღებიც კი არ შემორჩა ზუსტი ფორმით. მეტიც, ინფორმაცია მისი გარდაცვალებისა და დაბადების თარიღის შესახებაც სადავოა. შუა საუკუნეების ბიოგრაფები მიუთითებენ სხვადასხვა მონაცემების შესახებ, მათ შორის სხვაობა დაახლოებით ოცდაჩვიდმეტი წელია. მისი დაბადების თარიღად ბიოგრაფიებში შეტანილია 1 141 წელი, ხოლო გარდაცვალების დროდ 1209 წელი მიიჩნევა. 

ქართველი მკითხველი მეზობელ ქვეყანაში დაბადებული პოეტის შემოქმედებას კარგად იცნობს. ქართულენაზე ნათარგმნია პოეტის თიტქმის ყველა ნაშრომი. საქართველოს დედაქალაქში, ძველი თბილისის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ქუჩა ნიზამი განჯევის სახელს ატარებს. 2021 წელი კი, აზერბაიჯანში ნიზამის წლად არის გამოცხადებული. წლის დასაწყისში, კომპანია "ზარაფხანამ" პოეტის სამაგიდო სტატუეტი შექმნა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system