თავში

პანდემია და კვება

პანდემია და კვება
პანდემია და კვება

პანდემიისას კვებამ და საკვებმა ობიექტებმა განსხვავებული დანიშნულება შეიძინა და 2021 წლისთვის ტენდენციებიც გამოიკვეთა. ცვლილებებია როგორც კვების ობიექტების მუშაობის პრინციპსა და მიდგომაში საკვების მიმართ, ასევე თავად პროდუქტების ჩამონათვალში.

კვება გატანით - ვინ იცის როდის დავუბრუნდებით იმ პერიოდს როცა მშვიდად ვისხდებით საყვარელ კაფეებსა თუ რესტორნებში და მეგობრებთან ერთად ხალისიან და უშფოთველ საღამოს გავატარებთ. მანამდე კი გატანის სერვისით მოგვიწევს თავის გატანაც.

ნაკლები პერსონალი - დავემშვიდობეთ მიმტანებზე წუწუნს! აწი შტრიხკოდებით შევუკვეთავთ და ხელშეუხებლად გადავიხდით. ღვინოსაც არავინ დაგისხამთო ამბობენ. ისე ყოველთვის მერჩივნა გვერდით მჯდომს დაესხა, მაგრამ მაინც.

სახლში გამართული სადილების დრო ბრუნდებაო - ამტკიცებენ ფორბსში, ერთ ერთი კვლევის დამკვეთები. დამზადება თუ არა, გემრიელი საკვების გამოძახება და სახლში მირთმევა მეგობრებთან ერთად მშვენიერი გამოსავალია. თუმცა ამ ჩაკეტილობისას ბევრმა აღმოაჩინა საკუთარ თავში კულინარიის ფარული და მივიწყებული უნარები.

საკვების გადაყრა - ცუდ ტონად ითვლება და სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება „ნარჩენებისგან“ დამზადებული კერძების მენიუ. პროფიტროლის ტორტი გამახსენდა .ჯერ კიდევ როდის მოიფიქრეს ფრანგებმა, რომ დესერტების მეორედ გამოყენება შეიძლება, სად იყო პანდემია.

მეტი აქტუალობა შეიძინა ჯანსაღმა კვებამ. ახალმა კორონავირუსმა შეგვახსენა, რომ ჯანმრთელობა მუდმივა არ არის და ყოველ წუთას იცვლება. და რომ ორგანიზმი მოგვექცევა ისე, როგორც მოვექცევით, ამიტომ სიაში პირველობას არ თმობენ იმუნიტეტის გამაძლიერებელი პროდუქტები - ე.წ. „იმუნობუსტერები“ და საკვები დანამატები. დაახლოებით ორმოცდაათი პროცენტითაა, 2020 წელს, მათი შესყიდვის ოდენობა გაზრდილი.

შეძენისას ადამიანები მეტად აქცევენ ყურადღებას პროდუქტის შემადგენლობას და წარმომავლობას.

ადამიანები, რომლებსაც არასდროს უფიქრიათ ჯანსაღ კვებაზე, ისინიც კი ცდილობენ ორგანიზმი გაიმდიდრონ ვიტამინებითა და მინერალებით.

გადაივლის პანდემია და კარგი იქნება თუ ამ წლის განმავლობაში მიღებული და დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ყველას გაგვყვება. ჯანსაღად ცხოვრება ხომ სულაც არ არის რთული.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system