თავში

რაშიდ ბეიბუთოვი - აზერბაიჯანული მუსიკის თბილისელი ლეგენდა

რაშიდ ბეიბუთოვი - აზერბაიჯანული მუსიკის თბილისელი ლეგენდა
რაშიდ ბეიბუთოვი - აზერბაიჯანული მუსიკის თბილისელი ლეგენდა

ოჯახის მესამე შვილი, რაშიდ ბეჰბუდოვი 1915 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს დედაქალაქში, თბილისში დაიბადა. მისი მამა მაჯიდ ბეიბუთოვი, ცნობილი მომღერალი-ხანენდე იყო, ქალაქ შუშადან, ხოლო დედა ყაზახის რაიონიდან, ფირუზა აბას კული ყიზი ვექილოვა, რუსული ენის მასწავლებელი იყო.  

ხელოვნებისადმი ლტოლვა შვილებს მამისგან გადაეცათ, რომელიც ხალხური სიმღერების მუღამის უბადლო შემსრულებელი იყო. 

მომღერლის დედა, ფირუზა ვაკილოვა ცნობილი ოჯახის შვილი და რუსეთის არმიის პოლკოვნიკის (ზოგიერთი წყაროს თანახმად, გენერლის) აბასგულუ-ბეკის მემკვიდრე იყო. მაჯიდ ბეიბუთოვი წარმოშობით უფრო დაბალ სოციალურ საფეხურზე იდგა, ამიტომაც მან შეყვარებული ქალი მოიტაცა და წყვილმა გადაწყვიტა ქალაქ შუშადან წასულიყვნენ და ერთობლივი ცხოვრება თბილისში დაეწყოთ. სწორედ ასე გახდა თბილისი, ცნობილი აზერბაიჯანელი მომღერლის დაბადების ადგილი.

1933 წელს რაშიდ ბეჰბუდოვმა სწავლა დაიწყო რკინიგზის ტექნიკურ სასწავლებელში, სადაც მან ჩამოაყალიბა სამოყვარულო სტუდენტური ორკესტრი.

სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, სადაც ის ანსამბლის სოლისტი გახლდათ, რაშიდ ბეიბუთოვმა გარკვეული პერიოდით მოღვაწეობა  განაგრძო თბილისში და თბილისის საესტრადო ორკესტრებში მღეროდა.

1943 წელს, ბაქოს კინოსტუდიამ გადაწყვიტა ფილმ "არშინ მალ-ალანის" გადაღება, უზეირ ჰაჯიბეკოვის იმავე სახელწოდების ოპერეტის მიხედვით, სწორედ ამ ფილმში ბეიბუთოვმა შეასრულა ასკერის როლი.

რაშიდ ბეიბუთოვი 1944-1956 წლებში აზერბაიჯანის ფილარმონიის სოლისტია, ხოლო 1953-1960 წლებში ის, ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტად გვევლინება.

1957 წელს, აზერბაიჯანის ფილარმონიაში მომღერალმა შექმნა საკონცერტო ანსამბლი, რომელიც ჯაზისა და აზერბაიჯანული ხალხური ინსტრუმენტების სტილს აერთიანებდა. ის ამ ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი 2 წლის განმავლობაში იყო (1957-1959).

აზერბაიჯანის სიმღერის თეატრი, რომელიც დღეს უკვე მის სახელს ატარებს, ბეიბუთოვმა 1966 წელს ჩამოაყალიბა. რაშიდი მისსავე შექმნილი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად და სოლისტად, სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.

1930-1940 წლებში ბეიბუთოვი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა, არა მხოლოდ კავკასიის რესპუბლიკებში, მთელს რუსეთშიც. 

გარდა საბჭოთა კავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ქალაქებისა, რაშიდმა გასტროლებით იმოგზაურა: ბელგიაში, თურქეთში, ინდოეთში, იტალიასა და ფინეთში.

ბეიბუთოვის ხმა ტენორ ალტო იყო. მისი ხმა გამოირჩეოდა სასიამოვნო ტემბრით და ფართო დიაპაზონით ჰქონდა. ის მიჩნეულია, როგორც ევროპული ჟანრის სიმღერების, ასევე აზერბაიჯანული ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებლად.

ბეიბუთოვის მეუღლე - ჯეირან ხანუმ ბეიბუთოვა იყო, რომელიც 2017 წლის 3 მაისს გარდაიცვალა. 1965 წელს დაიბადა მათი ქალიშვილი, რომელსაც რაშიდა დაარქვეს. რაშიდამ მამის შემოქმედებითი გზა გააგრძელა. რაშიდა ბეიბუთოვა დღეს მომღერალი და აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტია.

საინტერესო ფაქტები რაშიდ ბეიბუთოვის გარშემო:

ფილმი "არშინ მალ ალანი", სადაც ბეიბუთოვმა მრავალი სირთულის მიუხედავად მთავარი როლი ითამაშა, მისი მშობლების ნამდვილი სიყვარულის ისტორიას ეფუძნება.

ინდოეთში გასტროლების დროს, რაშიდს, საინტერესო ინციდენტი შეემთხვა. მატარებელი, სადაც მაია პლისეცკაია, მუხარამ ტურგუნბაევა, ირინა მასლენნიკოვა, მაქსიმ მიხაილოვი, რაშიდ ბეიბუთოვი იყვნენ, ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობამ გააჩერა, მათ მოითხოვეს, რომ მათ კუმირს, ბეჰბუდოვს მათთვის ემღერა. ვარსკვლავმა თაყვანისმცემლებს თხოვნა შეუსრულა და რაშიდმა პირდაპირ მატარებლის კიბეებიდან შეასრულა მათთვის საყვარელი სიმღერა. ადგილობრივების მოთხოვნაში უცნაური არაფერია, თუ გავითვალისწინებთ, რომ რაშიდის მრავალფეროვან რეპერტუარში იყო მრავალი საავტორო ნამუშევარიც, მათ შორის, "მე შევხვდი გოგონას", "საყვარელ თვალები", და "რაჯის სიმღერა" ფილმ "მაწანწალადან" რაჯ კაპურთან ერთად. 

ნათესავების თქმით, სიცოცხლის ბოლო წლებში,  რაშიდ მაჯიდ-ოღლიმ საკუთარ თავზე ბევრი რამ აიღო და გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, მან უარი თქვა აუცილებელ სამედიცინო გამოკვლევებზე. არტისტს ბავშვობიდან აწუხებდა თირკმელების პრობლემა, გარდა ამისა, მას პერიოდულად აწუხებდა ნუშურა ჯირკვლებთან დაკავშირებული დაავადებებიც, რომელთა ამოჭრაც მუსიკოსს არ სურდა, რადგან შედეგად ხმის დაკარვის ეშინოდა.

1989 წლის 17 მაისს, სამხატვრო ხელმძღვანელი, რეპეტიციაზე ცუდად გახდა, გამოძახებულმა ექიმმა ის სამედიცინო დაწესებულებაში გაგზავნა. მაგრამ ბეიბუთოვმა გადაწყვიტა შინ დაბრუნებულიყო. მომდევნო 2 დღე, მის ფიზიკურ მდგომარეობას რაიმე გაუმჯობესება არ მოჰყოლია - ამრიგად მაღალი სიცხითა და ანთებითი პროცესის ჩვენებით პაციენტი კვლავ საავადმყოფოში მოათავსეს. 9 ივნისს საავადმყოფოს პალატის კართან მდგომ მის ქალიშვილსა და მეუღლეს შეატყობინეს, რომ ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების მიუხედავად,  მომღერალი გარდაიცვალა. 

 ბაქოს ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა რაშიდ ბეიბუთოვის სახელს ატარებს.

ამავე ქუჩაზე მდებარეობს მისივე სახელობის № 2 მუსიკალური სკოლა და სახელმწიფო სიმღერის თეატრიც.

1996 და 2005 წლებში ბეიბუთოვის პატივსაცემად დაიბეჭდა საკოლექციო საფოსტო მარკები.

2016 წლის ივნისში, ბაქოში სახელმწიფო სიმღერის თეატრის შენობის წინ, აღიმართა ბეჰბუდოვის ძეგლიც.

აზერბაიჯანელი მომღერალი რაშიდ ბეიბუთოვი ასრულებს „სიმღერას თბილისზე“ - ჩაწერილია 1961 წელს (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივი):

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system